მდინარაძე: ხანძარი და შიმშილი ერთმანეთთან არაფერ შუაში არ არის

პუბლიკა

„ხანძარი და შიმშილი ერთმანეთთან არაფერ შუაში არ არის“, – ასე უპასუხა უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტის შეკითხვას – „რას აკეთებს ხელისუფლება, რომ ვითარება გამოასწოროს, რათა ბავშვები სიღარიბეში არ ცხოვრობდნენ.

„თქვენ თუ ეს პასუხი კითხვაზე უნდა მიაბათ დღევანდელ ტრაგედიას, მე ამის ნებას არ გრთავთ, ერთი მარტივი მიზეზის გამო, იმიტომ, რომ ხანძარი და შიმშილი ერთმანეთთან არაფერ შუაში არ არის“, – აღნიშნა მდინარაძემ.

„დღეს დილიდან დაიწყო ამ ტრაგედიით მანიპულირება. შესაბამისი სამსახურები ძალიან მალე, თუ უკვე გაკეთებული არ აქვთ, გააკეთებ  განცხადებას, რა დახმარებები გაეწეოდა ამ ოჯახს, რაში იყო საქმე, რამდენად იყო ხოლმე დამატებითი დახმარებები, რა გვერდით დგომას გამოხატავდნენ ხოლმე სახელმწიფო სტრიქტურების წარმომადგენლები და ა.შ. თუმცა ეს ტრაგედია ამასთან არაფერ შუაში არ არის”, – განაცხადა მდინარაძემ.

რაც შეეხება ბავშვების სიღარიბეს, მისი თქმით, სახელმწიფომ ბოლო წლების განმავლობაში უამრავი ღონისძიება გაატარა.

„მათ შორის, ბავშვებსა და მათ ოჯახებს ურიგდებათ ე.წ. კვების შესაბამისი ბარათები/ვაუჩერები, მათ ურიგდებათ დანამატები, რომელიც 5-ჯერ გაიზარდა. ასევე, ბავშთა კოდექსი რომ მივიღეთ ჩვენ, რომლის აღსრულებაც დაკავშირებულია მათ შორის მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებასთან. ეკონომიკური განვითარების პარალელურად, პირველი რიგის ამოცანა არის, რომ ბავშვების მიმართ იყოს ეს ბენეფიტები…

ეს ისეთი მარტივი ამბავია, რომ ამაზე არავინ არ უნდა ისპეკულიროს, რაც არ უნდა აპოლიტიკური მიზნები ჰქონდეს, სულ რომ ყველაზე ბოროტი ძალა მოვიდეს, ბავშვების საკითხს არავინ გადადებს გვერდზე. ჩვენთვის ახლა რაღაცის დაბრალება, პოლიტიკური მარაზმი შეიძლება იყოს“, – განაცხადა მდინარაძემ.

წუხელ ბაღდათში, აკაკი წერეთლის ქუჩაზე საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა.

ხანძრის ლოკალიზაციის შემდეგ მეხანძრე-მაშველებმა 5 ადამიანის ცხედარი იპოვეს. მათ შორის იყო 1 ქალი და 4 არასრულწლოვანი. მოგვიანებით, ადგილზე იპოვეს კიდევ ერთი – ხანშიშესული ქალის ცხედარი.