მდინარაძე: „კოლექტიურ ნაცმოძრაობას“ კიდევ ერთხელ ექნება არჩევნებში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, „კოლექტიურ ნაცმოძრაობას“ კიდევ ერთხელ ექნება არჩევნებში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა.

მდინარაძის განმარტებით, „ოცნების“ უმრავლესობამ დღევანდელ სხდომაზე მიიღო გადაწყვეტილება, „ოცნების“ პარლამენტში შექმნილი თეა წულუკიანის კომისიის საქმიანობის ვადა ერთი თვით გააგრძელონ, „შესაბამისად, დადგება რეალობა, როდესაც კოლექტიურ ნაცმოძრაობას კიდევ ერთხელ ექნება არჩევნებში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა“.

„წინა კვირას საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარემ ქალბატონმა თეა წულუკიანმა დააყენა საკითხი იმის შესახებ, რომ საჭიროა კომისიის საქმიანობის სამთვიანი ვადა გახანგრძლივდეს – მინიმუმ ერთი თვით.

საპარლამენტო უმრავლესობამ დღევანდელ სხდომაზე იმსჯელა ამ თემაზე და გადავწყვიტეთ, რომ სამომავლოდ კომისიის ამ მოთხოვნას დავეთანხმოთ და მისი საქმიანობის ვადა ერთი თვით გავაგრძელოთ. ამ შემთხვევაში დღის წესრიგში შემოდის სხვა და ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი.

მოგეხსენებათ, რომ კომისიის მუშაობის მხოლოდ სამთვიანი ვადის გამოყენების შემთხვევაში შესაძლებელი იყო თვითმმართველობის არჩევნებამდე ყველა პროცედურის შესაბამისი წესის დაცვით მოსწრება, თუმცა თუ ჩვენ ვადას ერთი თვით გავახანგრძლივებთ, უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ აღნიშნული პროცესის ამ ვადაში დასრულება ფიზიკურად შეუძლებელია, შესაბამისად, მივიღებთ ობიექტურ რეალობას, როდესაც „კოლექტიურ ნაცმოძრაობას”, კიდევ ერთხელ ექნება არჩევნებში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა.

მიუხედავად ამისა, ჩვენ კომისიის ვადის გაგრძელებაზე უარს არ ვიტყვით, რადგან ჩვენი გუნდისათვის არც ერთი და არც მეორე შემთხვევა პრობლემას არ წარმოადგენს. როგორც იტყვიან ხოლმე, ზოგი ჭირი მარგებელიაო. შეიძლება, ასეც იყოს ამ შემთხვევაში.

მზად ვართ, რომ მიმდინარე წლის თვითმმართველობის არჩევნებზე აგენტურულ პარტიებს ჯერ ქართველმა ხალხმა გასცეს არჩევნებში საკადრისი პასუხი და სახელოვნად გავიმარჯვოთ, შემდეგ კი ძალიან მყარი და ფაქტებზე დაფუძნებული კონსტიტუციური სარჩელი მოვამზადოთ, რომელიც, თავის მხრივ, საკონსტიტუციო სასამართლოს მხრიდან ობიექტურად უნდა გახდეს „კოლექტიური ნაცმოძრაობის” აკრძალვის საფუძველი წელსვე თვითმმართველობის არჩევნებიდან ძალიან ახლო პერიოდში.

ამას გარდა, არავის მივცემთ უფლებას, არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ ამ საკითხის სპეკულირებისა და ამის საშუალებას არავის მივცემთ, რომ „ქართულმა ოცნებამ” „კოლექტიური ნაცმოძრაობის” აკრძალვა იჩქარა სწორედ თვითმმართველობის არჩევნებამდე და რადგან კომისიის მუშაობის ვადის გაგრძელება გახდა აუცილებელი, მოქმედებათა ფორსირებას ნამდვილად არ შევეცდებით”, – განაცხადა მდინარაძემ.