მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ დეპუტატებმა ერთმანეთს არ უნდა მოუწოდონ იმ აქციაზე წასვლისკენ, რომელიც რუსული კანონის წინააღმდეგ იმართება.
მან პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც რუსული კანონს I მოსმენით განიხილავენ, თქვა, რომ აქციებზე გულწრფელ დემონსტრანტებს შორის „ერთი, ათი, ოცი პროვოკატორი” ყოველთვის არის და არის რისკიც შესაძლო ესკალაციის.
„ბატონო დევი [ჭანკოტაძე], მე მართლა არ ვიზამდი, რომ თქვენ წინააღმდეგ რაღაც აქცია იყოს, წამოდი იმ აქციაზეო, ასეთ რისკზე მე არ შეგაგდებით. ერთი, ათი, ოცი პროვოკატორი ყოველთვის აღმოჩნდება 1000-10 000 ადამიანში და არ შეიძლება… მერე რამხელა ესკალაციას გამოიწვევს, ომის დაწყება თუ გინდათ, თქვით, როგორ შეიძლება, ეგ არ უნდა ვუთხრათ ერთმანეთს…
იმ ხალხთან ჩამოდიო, ანა ნაცვლიშვილი რომ მეუბნება ორი დღეა… რომ ავდგე და მართლა ჩავიდე და თავი გავწირო და ვიღაცამ რაღაცა ქნას, ეს რას გამოიწვევს? მე თავი რომ გადავდო და შევაკვდე იდეას, რაც თქვენ რუსულად მონათლეთ და სინამდვილეში, ჩემი რწმენით და არგუმენტებით ქართულია, მერე რას შვებით, ხალხო? ასეთ რაღაცას რატომ კადრულობთ?“., – თქვა მდინარაძემ.
ანა ნაცვლიშვილმა პლენარულ სხდომაზე უმრავლესობას მიმართა:
„თქვენ ამ ტრიბუნიდან წარმოუდგენელი რამ თქვით – როცა ოპოზიცია რუსულ კანონზე საუბრობს, მხოლოდ საგარეო აქტორების განცხადებებს ეყრდნობაო. როგორც ჩანს, არ გინდათ შეიმჩნიოთ და თვალი გაუსწოროთ საქართველოს ათასობით მოქალაქის პროტესტს, რომელმაც შარშან ძალიან მკაფიოდ და მკაცრად დაგიფიქსირათ – არა რუსულ კანონს! ეს ხალხი უკვე გაასხვისეთ, სხვებად გადააქციეთ და აგენტებად მონათლეთ? გუშინ სახლებში სპეცრაზმის გაკეთებული კორიდორით რომ გაიპარეთ, გამოსულიყავით და გენახათ, რამდენი ათასი ადამიანი იდგა და ისევ გეუბნებოდათ – არა რუსულ კანონს! რატომ ვერ გამოხვედით საკუთარ მოქალაქეებთან? ეს კანონი გაიტანეთ, სანამ ხალხი გაგიტანთ და ძალიან მძიმე განაჩენს მოგიჩენთ“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა პლენარულ სხდომაზე.
საქართველოს მოქალაქეების, ორგანიზაციების, მედიის და საერთაშორისო საზოგადოების მწვავე კრიტიკის და მოწოდებების მიუხედავად, უარი თქვან ამაზე – „ქართული ოცნება” რუსულ კანონს I მოსმენით განიხილავს.
მანამდე, 15 აპრილს კანონპროექტი იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე განიხილეს და მხარი დაუჭირეს.
პარალელურად, პარლამენტის შენობასთან მასშტაბური აქციები მიმდინარეობს.