„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ „მედიის კანონი“ ე.წ. ბრიტანული მოდელი, რომლითაც „ოცნება” მაუწყებლების შინაარსის რეგულირებას გეგმავს, ასევე გავრცელდება მაუწყებლების ვებგვერდებსა და სოციალურ ქსელებზე.
რაც შეეხება ონლაინმედიას, როგორც მდინარაძემ თქვა, კანონის ნორმები მათზე არ გავრცელდება.
„ძალიან აქტუალური საკითხია „მაუწყებლობის შესახებ“ კანონი. ჟურნალისტების მიერ აღიარებული ქცევათა წესები გადადის სავალდებულო აღსრულებაში, გამომდინარე იქიდან, რომ ის გადადის სახელმწიფო რეგულირების სფეროში. თუ აქამდე იყო თვითრეგულირებაში და კონკრეტულ მედიასაშუალებებს თავად ჰქონდათ კონკრეტულ დარღვევებზე რეაგირების უფლება და საშუალება, ახლა ეს ფუნქცია გადაეცემა კომუნიკაციების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას. განსხვავება მხოლოდ ეს არის.
ასევე საპარლამენტო უმრავლესობის დღევანდელ სხდომაზე მიღებული იქნა დამატებით ამ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილება: გარდა იმ ნორმებისა, რომელიც აღიარებულ იყო თავად მთლიანი ჟურნალისტებისა ქართული კორპუსისა და ამ პროფესიის წარმომადგენელთა უმრავლესობა ხელს აწერდა, ამას გარდა საპარლამენტო უმრავლესობამ გადაწყვიტა, რომ ბრიტანული სტანდარტი ასევე გავრცელდეს მაუწყებლების ვებგვერდებსა და სოციალურ ქსელებზე.
დღეს აქტუალური იყო მედიაში საკითხი – გავრცელდება თუ არა ონლაინ მედიაზე ზოგადად – არა ონლაინ მედიაზე ზოგადად არ გავრცელდება, მაგრამ მაუწყებლების შესაბამის ონლაინ პლატფორმებზე კანონის ნორმები გავრცელდება“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
დღეს, 17 მარტს „ოცნების“ პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა, რომ „მედიის კანონს“ დაემატებოდა ჩანაწერი ონლაინმედიის რეგულირებისთვის, თუმცა მდინარაძემ დღის ბოლოს განაცხადა, რომ მაუწყებლების შინაარსობრივი რეგულირების სტანდარტები ონლაინმედიებს არ შეეხება.
„ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში დააინიციირა მაუწყებლობის შესახებ კანონში ორი ცვლილება, რომლითაც მაუწყებლების დაფინანსების და მუშაობის სტანდარტებს დაარეგულირებს. დაფინანსების აკრძალვა „უცხოური ძალისგან“ მიღებულ პირდაპირ და ირიბ დაფინანსებას უკავშირდება, ხოლო მუშაობის სტანდარტებთან დაკავშირებით, „ოცნება“ ამტკიცებს, რომ დანერგავენ ე.წ ბრიტანულ მოდელს, რომლითაც ხარისხიანი და ობიექტური ინფორმაცია იქნება უზრუნველყოფილი.