საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე „კოალიცია ერთიანობისთვის“ ლიდერზე, ნიკა მელიაზე თავდასხმას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ეს „ნაციონალური მოძრაობის“ წისქვილზე ასხამს წყალს.
მისივე თქმით, „არსებობს რაღაც ინფორმაციები, რაზეც ხვალ და ზეგ უფრო თამამად ილაპარაკებს“.
„თუ გუშინ და გუშინწინ პარლამენტში მიპარვით გაქნეული ხელი არ იყო ვაჟკაცური საქციელი, ვერც ახლა გამოდგება მთლად ვაჟკაცურ საქციელად ეს. ამიტომ ყველას ვთხოვ, რომ „ნაცების“ საქმეს ნუ გააკეთებენ, მათ წინააღმდეგ ხელის ქნევას თავი დაანებონ.
დარწმუნებული ვარ, ამ ყველაფერს სამართლებრივი გამოძიება მოჰყვება. დეტალურად არის გამოსაძიებელი, არსებობს რაღაც ინფორმაციები, რაზეც ხვალ და ზეგ უფრო თამამად ვილაპარაკებ. ჯერ თქვან თავად ნაცებმა, რაიმე კონტაქტი, ბმა ხომ არ არსებობს, რაღაც ხომ არ ხდება და შემთხვევითი არის თუ არა ეს ყველაფერი.
როგორც თავად უთქვამთ, დედა იყო ნაცმოძრაობის წარმომადგენელი საუბნო საარჩევნო კომისიაში და ასევე და იყო საუბნო საარჩევნო კომისიაში. ეს არის ფაქტი, დანარჩენზე საზოგადოებამ გააკეთოს დასკვნები. შეიძლება შვილი ჩვენი მომხრე იყოს, ასეც ხდება. თუ ჩვენი მომხრეა, მით უმეტეს, მივმართავ, რომ ნაცების წისქვილზე ნუ დაასხამენ წყალს“, – განაცხადა მდინარაძემ.
„კოალიცია ცვლილებებისთვის“ ლიდერს, ნიკა მელიას გუშინ სამტრედიაში თავს დაესხნენ.
მელია კოალიციის რეგიონული ოფისის გახსნისას მედიას კომენტარს აძლევდა, როდესაც მასთან ახალგაზრდა მამაკაცი მიიჭრა და თავში მუშტი დაარტყა.
შსს-მ გამოძიება დაიწყო.
ნიკა მელიას შეფასებით, „ყველა მილევადი რეჟიმი იქცევა ასე და ივანიშვილის რეჟიმი არ არის განსხვავებული ამ მხრივ“.