მდინარაძე „დასმენის" პუნქტზე: სიტყვა „მინიშნება“ შეიცვლება სიტყვა „ინფორმაციით“

პუბლიკა

„სიტყვა „მინიშნება“ შეიცვლება სიტყვა „ინფორმაციით“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ რუსული კანონის ერთ-ერთ პუნქტზე განაცხადა.

მდინარაძის განცხადებით, აღნიშნული საკითხი სტუდენტურ თვითმმართველობებთან შეხვედრაზე დადგა.

მამუკა მდინარაძე დღეს უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტური თვითმმართველობების ხელმძღვანელებს შეხვდა, სადაც რუსული კანონი განიხილეს.

ამონარიდი რუსული კანონიდან:

უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის გამოსავლენად ან ამ კანონის რომელიმე მოთხოვნის შესრულების შესამოწმებლად იუსტიციის სამინისტრო უფლებამოსილია, ნებისმიერ დროს განახორციელოს საკითხის „სათანადო კვლევა“ და შესწავლა – მონიტორინგი.

მონიტორინგის დაწყების საფუძველი შეიძლება გახდეს იუსტიციის სამინისტროსთვის წარდგენილი წერილობითი განცხადება, რომელიც შეიცავს უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ კონკრეტულ ორგანიზაციასთან დაკავშირებულ სათანადო მინიშნებას.


„ქართული ოცნება“, რუსული ხელისუფლების მსგავსად, სამოქალაქო ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელი მედიაგამოცემების წინააღმდეგ კანონის მიღებას აპირებს.

მისი მიზანია, ამ ორგანიზაციების დისკრედიტაციის გზით, ჩაახშოს საზოგადოებაში სიტყვის თავისუფლება და კონტროლი დაამყაროს საზოგადოებრივ აზრზე.

რუსული კანონი ითვალისწინებს ტერმინ „უცხოური ძალისა“ და „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის“ დამკვიდრებას. ეს ტერმინი და საგანგებოდ შექმნილი რეესტრი გააერთიანებს ყველა იმ ორგანიზაციას, რომელიც ქვეყანაში ევროპული ღირებულებების, ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის განვითარებისთვის მუშაობს.

პროექტი ითვალისწინებს მონიტორინგის, ე.წ. დასმენისა და სანქციების კომპონენტსაც.