მდინარაძე: მომდევნო დღეებში ვიმსჯელებთ ამნისტიის კანონზე, რომელიც 6 ათასამდე პატიმარს შეეხება

პუბლიკა

„ქართული ოცნების” წევრის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ამნისტიის კანონპროექტზე მსჯელობას პარლამენტი ხვალ გააგრძელებს  – მისი თქმით, პროექტით სხვადასხვა დროს გათვალისწინებული იქნება 6 ათასამდე პატიმრის გათავისუფლება.

„ხვალ და მომდევნო დღეებში ჩვენ ვიმსჯელებთ ამნისტიის კანონზე, რომელიც საბოლოო ჯამში, შეეხება სხვადასხვა დროს და ფორმით 6 ათასამდე პატიმარს. აქედან 1 000-ზე მეტი ამნისტიის ძალაში შესვლისთანავე დატოვებს საპატიმროს, ხოლო 5 ათასი პატიმარი დატოვებს ეტაპობრივად სხვადასხვა დროს”, – განაცხადა მდინარაძემ.

ივლისში „ქართულმა ოცნებამ“ ამნისტიის კანონპროექტი დააინიციირა.

კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღება რიგგარეშე სესიაზე იგეგმება, მეორე და მესამე განხილვა კი საშემოდგომო სესიაზე გაგრძელდება.

ამნისტია შეეხება 2024 წლის პირველ ივლისამდე ჩადენილ მთელ რიგ დანაშაულებს. კერძოდ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 66 მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს. ამასთანავე, სახელდებით ჩამოთვლილი 66 მუხლის გარდა, 1/6-ით შემცირება შეეხება დაახლოებით 225 მუხლს.

პროექტი ადგენს ამნისტიის შემდეგ ფორმებს: პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან სრულად გათავისუფლება; სასჯელის ½-ით შემცირება; სასჯელის ¼-ით შემცირება; სასჯელის 1/6-ით შემცირება; და პრობაციონერებისთვის პირობითი მსჯავრის ერთი წლით შემცირება. ინიციატორების თქმით, პირობითი მსჯავრის ერთი წლით შემცირება შეეხება დაახლოებით 7 000 პირს.

ამნისტია არ შეეხება: მკვლელობისთვის ნასამართლევ პირებს, ნარკორეალიზატორებს, სქესობრივ დანაშაულებს, ყაჩაღობას, ტერორიზმს, კორუფციულ და სამოხელეო დანაშაულებს, ქურდულ სამყაროს; კონვენციურ დანაშაულებს, ტრეფიკინგს და სხვა მძიმე და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულებს.