მდინარაძე: მრავალმანდატიანი სისტემა კონსტიტუციას შეესაბამება, თუმცა მიზანშეწონილობაზე ვიმსჯელებთ

პუბლიკა

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის მამუკა მდინარაძის თქმით, უმრავლესობის სხდომაზე განხილვის ერთ-ერთი თემა იყო მრავალმანდატიანი მაჟორიტარული სისტემა, რომელიც მდინარაძის აზრით, ე.წ. „გერმანული მოდელისგან“ განსხვავებით, კონსტიტუციას შეესაბამება, მაგრამ მმართველი პარტია მის მიზანშეწონილობაზე  მსჯელობას მომდევნო დღეებში გააგრძელებს.

„გვქონდა მცირე დრო უმრავლესობის სხდომაზე, რომ ცოტა ზედაპირულად განგვეხილა მრავალმანდატიანი მაჟორიტარული სისტემის საკითხი, თუმცა დეტალიზაცია ვერ მოვასწარით და დაგვჭირდება რამდენიმე დღე, რომ, ზოგადად, რადგან საუბარი წავიდა, რომ მოდი გავწიოთ ეს გერმანული მოდელი და ვისაუბროთ მაჟორიტარული სისტემის შიგნით როგორ განაწილდეს მანდატები, ამ შემთხვევაში არა მხოლოდ მრავალმანდატიანზე, ჩვენ გვაქვს საშუალება, ვიფიქროთ მრავალ თემაზე საქართველოს კონსტიტუციის ფარგლებში.

ეს ერთმნიშვნელოვნად შეესაბამება კონსტიტუციას, თუმცა მიზანშეწონილობაზე უნდა ვილაპარაკოთ ამ შემოთავაზების შემდეგ. რაკი ეს შემოთავაზება მივიღეთ გუშინ, ამ კვირის განმავლობაში ვიმსჯელებთ მასზე.

სავარაუდოდ, კვირის ბოლომდე გამოჩნდება გარკვეული გადაწყვეტილების კონტურები, ზუსტად ამ მოდელზე ვსაუბრობთთუ რაიმე სხვას ვთავაზობთ. ამაზე გვექნება გარკვეული მოსაზრება“, – თქვა მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ.

დეპუტატის თქმით, უმრავლესობის სხდომაზე განიხილეს რამდენიმე მაჟორიტარის ინიციატივაც, სრულად მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით და ფაქტობრივად, შეთანხმებასაც მიაღწიეს. მდინარაძის თქმით, დიმიტრი ხუნდაძე და მისი თანამოაზრეები  საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ხელმოწერების შეგროვებას და სხვა აქტივობებს შეწყვეტენ, თუმცა უმრავლესობა მაჟორიტარებთან შეთანხმების შინაარს საზოგადოებას რამდენიმე დღეში გააცნობს.

„ჩვენი პირველი თემა შეეხებოდა გუნდის უმრავლესობის, პარტიის თავმჯდომარისა და ჩვენს შეთავაზებას იმ მაჟორიტარების მიმართ, რომლებიც ცდილობენ, რომ დაიწყონ ხელმოწერების შეგროვება სრულად მაჟორიტარულ ანუ ამერიკულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით.

ჩვენ დღეს შეთანხმებაზე საბოლოოდ მაინც არ ვსაუბრობთ, რადგან ორი-სამი დღე ავიღეთ ყველამ, რომ შევაჯეროთ ტექნიკური დეტალები, მაგრამ დარწმუნებულები ვართ, რომ შეთანხმება შედგება. რადგან პრინციპულ საკითხებზე შევთანხმდით და პოზიციები დავაახლოვეთ. თუმცა, სანამ ტექნიკურ დეტალებსაც არ შევათანხმებთ, გადაწყვეტილებას ვერ გავახმაურებთ.

საუბარია იმაზე, რომ დიმიტრი ხუნდაძე, მიხეილ ყაველაშვილი და ა.შ. სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით არანაირ ქმედებას აღარ განახორციელებენ. მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ შეთანხმება შედგა და რამდენიმე დღეში ამ გადაწყვეტილების შესახებ, შეთანხმების საგანსა და სხვა დეტალებზე რამდენიმე დღეში გამოვაცხადებთ“, – თქვა მამუკა მდინარაძემ.