მდინარაძე: მყავს ბევრი ახლობელი, რომლებიც გრანტებით დაფინანსებულ ორგანიზაციებში მუშაობენ

პუბლიკა

მმართველი პარტიის ფრაქციის თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ე.წ. უცხოეთის გავლენის აგენტების კანონთან დაკავშირებულ შეკითხვებს უპასუხა.

ჟურნალისტის შეკითხვას, რამდენად სწორია ამ ტერმინის (უცხოეთის გავლენის აგენტის) გამოყენება, მდინარაძემ უპასუხა, რომ სათაურზე კამათი შეიძლება და მსჯელობა რაღაცების გამორიცხვაზე, დახვეწაზე გაგრძელდება.

ჟურნალისტი: ერთია აგენტის გაგება ამერიკაში, რომელიც აბსოლუტურად განსხვავებულია იმ გაგებისგან, რომელიც პოსტსაბჭოთა სივრცეშია დამკვიდრებული…

მდინარაძე: ჩვენთან არის გაგება აგენტის, როგორც ჯაშუშის, შენი სამშობლოს მტრის.

ჟურნალისტი: ამერიკაში მხოლოდ წარმომადგენელს გულისხმობს და არ გულისხმობს იმ შინაარს, რასაც spy ჯაშუში შეიძლება გულისხმობდეს, ამიტომ რამდენად სწორია ამ ტერმინის გამოყენება? გახსოვთ 90-იანების დასაწყისი, მუდმივად ერთმანეთის მიმართ აგენტების ძახებით იყო გამორჩეული…

მდინარაძე: სხვათა შორის, 90-იან წლებში კიდევ უფრო დამკვიდრდა ამ ტერმინის ამგვარი გაგება…

ჟურნალისტი: იქნებ, უფრო ნეიტრალური ტერმინი გამოვიყენოთ, თუ ამოცანა გამჭვირვალობაა, მოდით ტერმინებიც შევარბილოთ. არიან ორგანიზაციები, რომლებიც მართლა კარგ საქმეს აკეთებენ ამ ქვეყანაში, უამრავი, რომლებიც ქვეყნის გარედან ფინანსდებიან.

მდინარაძე: მე მყავს ძალიან ბევრი ახლობელი და ნაცნობი, რომლებიც გრანტებით დაფინანსებულ ორგანიზაციებში მუშაობენ, ეს წუხილი არის და მათ გასაგონად მინდა ვთქვა – ჩვენ როცა ვაცხადებთ, რომ დეტალებია იქ გასავლელი და პრინციპებზე დავთანხმდით, ამას შემთხვევით არ ვამბობ, იქ შეიძლება უამრავ საკითხზე ვიმსჯელოთ – რაღაც პატარა დაფინანსება, რომელიც რაღაც მიმართულებით მიდის, რომელმაც შეიძლება ვერ მოახდინოს გავლენა ვერაფერზე, სულ რომ არაკეთილშობილურ მიზნებს ემსახურებოდეს, მას რაღაც გავლენა ქვეყნის საწინააღმდეგო თემებზე გლობალურ მასშტაბში ვერ ჰქონდეს… შეიძლება რაოდენობაზე ვიმსჯელოთ, რაღაცებზე, რომ ეს გაუგებრობები გამორიცხოთ.

ამ დღეებში მქონდა ასეთი საუბრები ნაცნობ და შინაურ ადამიანთან, რომ როგორ – ჩემი ორგანიზაცია ნახევარი ფინანსდება უცხოეთიდან და ორი კაპიკი შემოსავალი აქვს და იმით რაღაც საქმეს აკეთებს. ამაზე ვიმსჯელოთ – რაღაცის გამორიცხვაზე, დახვეწაზე, რაღაც ასეთი, არარსებული ხელოვნური პრობლემების მოგვარებაზე, შეიძლება პრაქტიკაშიც ბევრი რამ დაიხვეწოს. როცა საუბარია მსხვილ შემოსავალზე და არ გინდა, რომ ამის დაფინანსება დაუშვა, აქ ეჭვები ჩნდება. ახლა რაც შეეხება სათაურს – ძალიან გულწრფელი ვიქნები, 1000% დარწმუნებით ვერ გეტყვით, მაგრამ ძალიან მაღალი ალბათობით, მაქსიმუმ, 6 თვეში შეიძლება სწორი გაგება იყოს, რა განსხვავებაა გავლენის აგენტსა და იმ აგენტს შორის, რასაც ჩვენ ვგულისხმობთ, როცა ვიღაცის ძალიან ცუდად მოხსენიება გვინდა.