მდინარაძე: ODIHR-ის ანგარიში უხერხულ ფაქტობრივ შეცდომებს შეიცავდა

პუბლიკა

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე ODIHR-ის ანგარიშს გამოეხმაურა. დეპუტატის თქმით, ანგარიში კრიტიკასთან ერთად პოზიტიურ ნაწილსაც შეიცავდა. ასევე, იქ იყო დაშვებული „უხერხული ფაქტობრივი შეცდომებიც“, რასაც მდინარაძის აზრით, ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციებისგან არ მოელიან.

„ODIHR-ის დასკვნა შეიცავს პოზიტიურ ნაწილსაც კანონმდებლობასთან, რეფორმასთან, პროგრესთან დაკავშირებით. კანონმდებლობა არის ისეთი დახვეწილი ღიაობისა და გამჭვირვალობის თვალსაზრისით, რომლის ანალოგიც მსოფლიოში არ არის. არის კრიტიკული ნაწილიც, მაგრამ იქ არის ისეთი ფაქტობრივი უზუსტობები, რომლებიც ნამდვილად უხერხულია და ასეთი ავტორიტეტული ორგანიზაციის მხრიდან ჩვენ ამას მიჩვეულები არ ვართ“, – თქვა დეპუტატმა.

მამუკა მდინარაძის თქმით, ანგარიშსა და მასში დაშვებულ ფაქტობრივ უზუსტობებზე იურიდიული კომიტეტი, სავარაუდოდ, მოამზადებს განმარტებას ან პასუხს.

ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) ანგარიშის მიხედვით, მოსამართლეთა შერჩევის პროცესს თან სდევდა პოლიტიკური კრიზისი და საკომიტეტო თუ პლენარული სხდომები მნიშვნელოვანი შეფერხებით მიმდინარეობდა. ეს კი ეჭვქვეშ აყენებს ხელისუფლების მიზნის გულწრფელობას, რომ პროცესი ყოფილიყო ღია, ჰქონოდა საზოგადოების ნდობა და ფართო პოლიტიკური მხარდაჭერა.

ასევე, საკანონმდებლო ჩარჩოში რჩება რიგი მნიშვნელოვანი ხარვეზები, რომელიც საფრთხეს უქმნის დამსახურების საფუძველზე შერჩევის პროცესს.

ODIHR მონიტორების დაკვირვების საფუძველზე აკრიტიკებს მოსამართლეთა გასაუბრების პროცესსაც და წერს, რომ მათი ხანგრძლივობა და შეკითხვები, მათი დასმის მანერა განსხვავებული იყო სხვადასხვა მოსამართლესთან, რაც ეწინააღმდეგება თანაბარი მოპყრობის პრინციპებს.