უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებით, ქვეყანა არის განვითარების იმ ეტაპზე, როდესაც აღარ საჭიროებს ხელოვნურ ჩარევას გენდერული კვოტირების სახით. მისი თქმით, ამიერიდან საქართველოს პარლამენტში ქალები, განსაკუთრებით მომავალი დროიდან, უნდა მოხვდნენ დამსახურებისა და პროფესიონალიზმის მიხედვით.
„მოგეხსენებათ, რომ ქალთა კვოტირების თემა დროებითი პოზიტიური ღონისძიებაა, ქვეყნის განვითარების რაღაც ეტაპზე… თუ ვინმეს ჰგონია, რომ ჩვენ განვითარების იმ ეტაპზე არ ვართ, რომ ეს კარგად გავიაროთ, ძალიან ცდება. მთავარი საფუძველი, დავთანხმებოდით „გირჩის ინიციატივას, იყო ის, რომ ამიერიდან საქართველოს პარლამენტში ქალები, განსაკუთრებით მომავალი დროიდან, უნდა მოხვდნენ დამსახურებისა და პროფესიონალიზმის, და არა კვოტირების მიხედვით. ასევე უნდა მოხდეს თვითმმართველობის არჩევით ორგანოებში”, – განაცხადა მდინარაძემ.
როგორც მან პრესკონფერენციაზე დაადასტურა, უმრავლესობა „გირჩის” ინიციატივას საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შესახებ, მხარს დაუჭერს.
„საბოლოო არგუმენტი ის არის, რომ რაღაცა პერიოდის მერე უნდა გაუქმდეს, ის რაღაცა პერიოდი არის ახლა, და ქალები უნდა მოხვდნენ დამსახურების [მიხედვით]. უკვე დადგა დრო, რომ ეს ხელოვნური ჩარევები უნდა გამოვრიცხოთ და ვთქვათ, რომ ჩვენ ვართ დროის იმ მონაკვეთში, განვითარების იმ ეტაპზე, როდესაც არ სჭირდებათ ქალებს ჩვენი წახმარება რაღაც ხელოვნური ინსტრუმენტებით.
ქალებს აბსოლუტური თავისუფლება აქვთ თავი გამოიჩინონ, აბსოლუტური თავისუფლება აქვთ, თავის უფლებების რეალიზება მოახდინონ, ქალები არიან ძალიან მაგრები ნებისმიერი მიმართულებით, აღარ აქვს საქართველოში ქართველ ქალს იმის პრობლემა, რომ დისკრიმინაციის სუბიექტი გახდეს, მით უმეტეს პოლიტიკაში.
სად, სად და პოლიტიკაში და საზოგადოებრივ ცხოვრებაში არცერთ ქალს არ აქვს იმის პრობლემა, რომ დისკრიმინაციის სუბიექტი გახდეს, მით უმეტეს იმ ნიშნით, რომ ის ქალია. გამორიცხული ამბავია”, – განაცხადა მდინარაძემ.
„გირჩი” გამოდის ინიციატივით, რომ საარჩევნო კოდექსში შევიდეს ცვლილება და გაუქმდეს ნორმა, რომელიც სიების შედგენისას გენდერული კვოტირების გათვალისწინებას ითხოვდა. კანონპროექტში შეთავაზებულ ცვლილებებს ექნება მმართველი პარტიის მხარდაჭერა. უმრავლესობის დეპუტატის, ბექა დავითულიანის თქმით, სანაცვლოდ, მმართველმა პარტიამ მიიღო დაპირება, რომ ცესკოს თავმჯდომარის არჩევის პროცესში, „გირჩი” ორიენტირებული იქნება კანდიდატის „პროფესიონალიზმსა და კეთილსინდისიერებაზე”.