მდინარაძე ქორწინებაში არ მყოფი ქალების ინ ვიტროზე: კითხვის ნიშანიც კი რომ დაისვა, გავაჩერეთ საერთოდ პროექტი

პუბლიკა

დღეს, 24 აპრილს საკონსტიტუციო ცვლილებები ოზურგეთში განიხილეს. შეხვედრაზე უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ისაუბრა ხელოვნურ განაყოფიერებასთან დაკავშირებით მის მიერ ამბროლაურში გაკეთებულ განცხადებაზე და საზოგადოებას საკითხზე დამატებითი ინფორმაცია მიაწოდა.

მისი თქმით, შარშან საქართველოს პარლამენტში შევიდა კანონპროექტი, რომელიც ეხებოდა მედიცინის დახმარებით რეპროდუქციას. მისივე თქმით, როგორც კი საკითხი დადგა და ერთმა ადამიანმა, ერთი წინადადებით ახსენა – რა ვუყოთ იმ საკითხს, როდესაც ქალი ქორწინებაში არ არის, ხელოვნური განაყოფიერებით უნდა შეეძლოს თუ არა [შვილის გაჩენა], მდინარაძის თქმით, ეს კითხვა როგორც კი დაისვა, გააჩერეს საერთოდ ეს პროექტი.

მამუკა მდინარაძის დღევანდელ კომენტარს კვლავ სრულად გთავაზობთ:

„გუშინ, მაგალითად, დაფიქსირდა ასეთი ფაქტი, როდესაც ერთ-ერთ ადამიანმა დარბაზიდან კითხვა დასვა და [] იკითხა აბორტთან და მსგავს საკითხებთან დაკავშირებით და მე მას პასუხი გავეცი და 4 წუთის განმავლობაში ამაზე ვსაუბრობდი.  

დღეს, მოგეხსენებათ, დეზინფორმაცია არის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა. ასე 4-წუთიანი საუბრიდან ამოგიჭრიან რაღაც 30 წამს, რომელიც აბსოლუტურად განსხვავდება იმ პათოსისა და კონტექსტისაგან, რასაც შენ გულისხმობ , როდესაც გამოდიხარ და მოქალაქეებს მიმართავ რაიმე განცხადებით თუ განმარტებას აკეთებ.

და ისე გააკეთეს, თითქოს ჩვენ საუბარი გვქონდა ქალთა უფლებების რაიმე ფორმით შეზღუდვაზე. არადა, მინდა ძალიან მოკლედ, რომ დაჭრა და დეზინფორმაციის გავრცელება კიდევ რომ ვერ მოახერხონ, ძალიან მოკლედ გითხრათ, რომ შარშან საქართველოს პარლამენტში, შემოვიდა კანონპროექტი, რომელიც ეხებოდა მედიცინის დახმარებით რეპროდუქციას, სხვათა შორის ევროკავშირის რეგულაციებთან ჰარმონიზაციას გულისხმობდა და როგორც კი საკითხი დადგა, როგორც კი საკითხი დადგა – ერთმა ადამიანმა, ერთი წინადადებით თქვა და ახსენა, რა ვუყოთ იმ საკითხს, სადაც საუბარი შეიძლება იყოს ადამიანი, ქალი, რომელიც ქორწინებაში არ არის, ხელოვნური განაყოფიერებით შეეძლოს თუ არა… ეს კითხვის ნიშანიც კი რომ დაისვა, გავაჩერეთ საერთოდ ეს პროექტი, იმიტომ, რომ ჩვენი მხარდაჭერა ყველა ქალს, მისი დედობის უფლებას, ნებისმიერი ფორმით. ყველა ქალს აბსოლუტური მხარდაჭერა, და ვაფიქსირებ ამას იმიტომ, რომ ვერ მოჭრან. წარმოიდგინეთ, დეზინფორმაციას რა ფორმით უნდა ვებრძოლოთ და პირიქით, პირიქით იყო გუშინდელი კონტექსტიც, პირიქით არის დღევანდელი კონტექსტიც.

ყველა ქალს იმის მიუხედავად, ის ქორწინებაშია, არ არის ქორწინებაში, სჭირდება მედიცინის დახმარებით რეპროდუქცია თუ ა.შ. აბსოლუტური მხარდაჭერა, იმიტომ, რომ ვერავინ გაბედოს ამ საკითხით სპეკულაცია.

ახლა დავაკვირდები, ის მედიასაშუალებები თუ გამოცემები, რომლებმაც გუშინ განზრახ კონტექსტი დაამახინჯეს, დღესაც იგივე ენთუზიაზმით გაავრცელებენ თუ არა ჩემს ამ სიტყვებს და ვნახოთ ერთი, რამდენად იტყვიან, გუშინაც ეს იყო მთლიანი კონტექსტი, გუშინ 4 წუთის განმავლობაში ილაპარაკა და დღეს 30 წამში და ერთ წუთშიო და გაავრცელებენ თუ არა ამას, დავაკვირდეთ აბა, ჩვენ ყველანი ყურადღებით”, – განაცხადა მდინარაძემ.

ასევე იხილეთ „პუბლიკის” მიერ გუშინ გავრცელებული 3:39-წუთიანი ვიდეო.


გუშინდელ კომენტარში მდინარაძე ამბობდა, რომ ხელოვნურ განაყოფიერებასთან დაკავშირებით, რომელსაც ეკლესიის წარმომადგენლები სასტიკად ეწინააღმდეგებიან, ოპტიმალურ გამოსავალთან უნდა მივიდნენ.

„….შარშან ჩვენ, წლის ბოლოს – ნოემბერ-დეკემბერში, დიდი მსჯელობა და კამათიც, არ დაგიმალავთ, გვქონდა და დიდი ხანი მოვუნდით, ხელოვნურ განაყოფიერებასთან დაკავშირებულ საკითხებს. ეს ხშირ შემთხვევაში ძალიან სენსიტიური თემაა. არ შევალ სიღრმეებში, იმიტომ, რომ გადაწყვეტილებისკენ არ წავსულვართ ჯერ. ერთი მხრივ, არის სამედიცინო მანიპულაციად მიჩნეული, რომელსაც ჩვენი ეკლესიის წარმომადგენლები სასტიკად ეწინააღმდეგებიან, მეორე მხრივ, არის სამედიცინო ჩვენება, რაც დემოგრაფიული ზრდის თვალსაზრისით საჭიროებას წარმოადგენს…

…მათ შორის ხელოვნურ განაყოფიერებასთან დაკავშირებით. არც იმას დაგიმალავთ, რომ ეკლესიის წარმომადგენლებთან გარკვეული დისკუსია, კამათი გვქონდა ამასთან დაკავშირებით. მათ უფრო ხისტი მიდგომა აქვთ, ჩვენ უფრო შედარებით რბილი მიდგომა გვაქვს, იმიტომ, რომ ბევრი უშვილო წყვილია, რომელთათვისაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია… რაღაცა ოპტიმალურ ზღვარზე ალბათ, საბოლოოდ, გავალთ და საერთო თანხმობა რომ იქნება ეკლესიისგან, ჩვენგანაც, ხალხისგანაც, შემდეგ ამ თემებზე მივალთ და ოპტიმალურ გამოსავალს მოვძებნით…

…ძალიან რთული თემაა და რაღაცამდე უნდა მივიდეთ და მათ შორის ამ აბორტის თემასთან დაკავშირებით…”, – ამბობდა მდინარაძე.