მამუკა მდინარაძე გამოეხმაურა აშშ-ის საელჩოს განცხადებას იმის შესახებ, რომ აშშ-მა შესაძლოა საქნციები დაუწესოს „ქართული ოცნების” წევრებს.
9 დეკემბერს აშშ-ის საელჩომ განაცხადა:
„ჩვენ მკაცრად ვგმობთ ბოლო დღეებში „ქართული ოცნების” სასტიკ და გაუმართლებელ თავდასხმებს მედიის წევრებსა და საქართველოს მოქალაქეებზე.
როგორც სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა აღნიშნა, ამერიკის შეერთებული შტატები ემზადება, გამოიყენოს ჩვენს ხელთ არსებული საშუალებები, მათ შორის, სანქციები, რომ უზრუნველყოფილ იქნას პასუხისმგებლობის დაკისრება ძალადობის ჩამდენ და ძალადობრივი გარემოს ხელშემწყობ პირებზე”.
მამუკა მდინარაძის თქმით, სანქციებზე ბლინკენის მიერ მიღებული „მსგავსი გადაწყვეტილებები აქეზებს ძალადობა”.
„ჩვენ გვახსოვს, წინა წლებში, წინა თვეებში მიღებული გადაწყვეტილებები სანქციებთან და მსგავს საკითხებთან დაკავშირებით, ისევ ბატონი ბლინკენის და მისი გადაწყვეტილებით.
ჩვენ უნდა ვუთხრათ მათ, რომ სწორედ ასეთი, უსაფუძვლო ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე მიღებული გადაწყვეტილებები აქეზებს ქვეყნის შიგნით ძალადობის თითოეულ ფაქტს, როცა ასე ჰაერიდან მოიტან და ვიღაცის მხარდასაჭერად, აგენტურის მხარდასაჭერად იღებ მსგავს უსამართლო და უსაფუძვლო გადაწყვეტილებებს, უნდა ვიცოდეთ ყველამ, რომ ასეთი გადაწყვეტილებებია სწორედ, რომელიც აქეზებს ძალადობას, მათ შორის ბოლო დღეებში თბილისის ქუჩებში.
გარდა იმისა, რომ ეს არის წამსვლელი ხელისუფლების ერთ-ერთი ბიუროკრატი, მასთან იმიტომ არ გვაქვს დამატებით სალაპარაკო არაფერი, რომ ეს არის ადამიანი, რომელმაც რამდენიმე თვის წინ გამოუცხადა თავის თანამშრომლებს, რომ კაცს კაცი და ქალს ქალი არ დაუძახონ.
ყველას მოვუწოდებ, ვინც არ უნდა იყოს ეს, ქვეყნის გარეთ, ნუ ერევიან ასე უხეშად ქვეყნის შიდა საქმეებში, ასეთი ჩარევა და შემდეგ შესაბამისი ელჩების მიერ გახმოვანებული იგივე პოზიცია, მათ შორის დღეს ელჩი დანიგანის მიერ, პიროვნული პატივისცემის მიუხედავად შემიძლია ვთქვა, ასევე უხეშად ჩარევას ნიშნავს და ახალისებს ძალადობას და როდესაც ისინი მოძალადის კონტექსტში მოიხსენიებენ ქართულ ოცნებას, რომელი ქვეყნის წარმომადგენელიც არ უნდა იყოს, მოძალადედ როცა მოიხსენიებენ ქართულ ოცნებას, მათი მსგავსი განცხადებები და გადაწყვეტილებები ახალისებს მათ მიერ მხარდაჭერილი პარტიების ორგანიზებას ძალადობისას და ჩვენ კარგად ვნახეთ, რომ ეს ორგანიზება ხდებოდა მათი პარტიული ოფისებიდან და ეს კარგად უნდა გაითავისოს ასეთი გაცხებინებს ყველამ ავტორმა, ისიც უნდა გაითავისოს, რომ როცა ისინი საუბრობენ რომელიმე პარტიაზე, მარტო მოძალადეები კი არა, ამ ძალადობის ინიციატორებიც არიან”. – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.