მდინარაძე სააკაშვილზე: სათავისო ექსპერტიზის დასკვნის მიღების მცდელობაა

პუბლიკა

უმრავლესობის წარმომადგენლის, მამუკა მდინარაძის თქმით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასება „სათავისო“ დასკვნის მიღების მცდელობაა და ის ცდილობს, თავი დააღწიოს მართლმსაჯულებას. მდინარაძემ ამბობს, რომ საქართველოში სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას ყველაზე მაღალკვალიფიციური ექიმები ზედამხედველობენ.

„საერთოდ არ გვიკვირს, რომ მიხეილ სააკაშვილი ცდილობს, რამენაირად დააღწიოს თავი მართლმსაჯულებას. ეს სათავისო ექსპერტიზის დასკვნის მიღების მცდელობაა. თუ მართლა რაიმე პრობლემები ექნება ჯანმრთელობასთან დაკავშირებული, სერიოზული, თუ ნაკლებად სერიოზული დარწმუნებული ვარ, ძალიან კვალიფიციური ექიმები მოემსახურებიან. ყველა უფლება იქნება დაცული იმისთვის, რომ კონტრასტი იყოს აშკარა, რომ ყველაზე საშინელი სისტემის შემქმნელის უფლებებიც კი ბოლო პუნქტამდე იყოს დაცული“, – განაცხადა მდინარაძემ.

გუშინ საქართველოში საერთაშორისო ექსპერტები ჩამოვიდნენ, რომლებმაც სააკაშვილის უფლებადამცველების ინფორმაციით შეაფასეს სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა და უახლოეს დღეებში ცენტრ „ემპათიასთან“ ერთად დასკვნას გამოაქვეყნებენ.

ადვოკატის განცხადებით, უცხოელმა ექსპერტებმა პასუხი უნდა გასცენ ორ მთავარ კითხვას: არის თუ არა სააკაშვილი მძიმე ავადმყოფი? და ხელს უშლის თუ არა მას ავადმყოფობა სასჯელის მოხდაში?

გუშინ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ შესაძლოა სახელმწიფომ თავადაც ჩაატაროს დამოუკიდებელი ექსპერტიზა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან გამოსაკვლევად. იუსტიციის მინისტრის განცხადებას დღეს სააკაშვილის ადვოკატი გამოეხმაურა. ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე ამბობს, რომ მინისტრის ეს განცხადება ემსახურება საქმის კიდევ უფრო გაჭიანურებას, ამიტომ სთავაზობენ ექსპერტიზის დასკვნის მომზადების პროცესში მათი წარმომადგენლების მონაწილეობას.