„ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ საგამოძიებო კომისიის მანდატს 2012 წლის შემდგომ პერიოდზეც გაავრცელებენ, რათა მისი „საქმიანობის სფერო არ იყოს შეზღუდული მხოლოდ 2012 წლამდე ჩადენილი ანტკონსტიტუციური ქმედებების ფარგლებით“.
„პარლამენტის საგამოძიებო კომისიის მუშაობის დროს აშკარად გამოიკვეთა 2012 წლის შემდგომ მოვლენებთან დაკავშირებული ქმედებების გამოძიების საჭიროებაც”. – თქვა მდინარაძემ.
მისი და „ქართული ოცნების” მტკიცებით, ოპოზიციურ პარტიებს „2012 წლის შემდეგაც მათ აქვს ჩადენილი უამრავი ისეთი ანტისახელმწიფოებრივი ქმედება, რომელიც შესაბამის სამართლებრივ შეფასებას და რეაგირებას საჭიროებს”.
„ქართული ოცნების“ პარლამენტში მუშაობს „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი კომისია”, რომელსაც თეა წულუკიანი ხელმძღვანელობს.
„გვქონდა კონსულტაციები საგამოძიებო კომისიის მოქმედ შემადგენლობასთან და იმ მიზნით, რომ კომისიის საქმიანობის სფერო არ იყოს შეზღუდული მხოლოდ 2012 წლამდე ჩადენილი ანტიკონსტიტუციური ქმედებების ფარგლებით, მივიღეთ გადაწყვეტილება, საგამოძიებო კომისიის მანდატი გაფართოვდეს და გავრცელდეს 2012 წლის შემდეგ, ანუ საერთო ჯამში – 2003 წლიდან დღემდე პერიოდზე”. – თქვა მდინარაძემ.
მისი განცხადებით, პარლამენტის საგამოძიებო კომისიის საბოლოო დასკვნა „ქართულ ოცნებას” მისცემს „მყარს საფუძველს”, რათა მიმართონ საკონსტიტუციო სასამართლოს და მოითხოვონ როგორც ენმ-ის, ისე სხვა ოპოზიციური პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადება.
„გარდა ამისა, ჩვენ უკვე დავაინიციირეთ კანონპროექტი, რომელიც ეხება ხსენებული პარტიების მემკვიდრე პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადებას, თუ პარტიის საქმიანობის არსი, გადაწყვეტილების მიმღებთა პერსონალური შემადგენლობა თუ საწესდებო მიზნები კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის საქმიანობის არსის პერსონალური შემადგენლობის თუ საწესდებო მიზნების იდენტური იქნება”. – თქვა მამუკა მდინარაძემ.
მან ასევე დასძინა, რომ არის დისკუსია, მიიღებენ თუ არა ოპოზიციური პარტიები მონაწილეობას 2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში და თქვა, რომ „განა არ მიიღებენ, ვერ მიიღებენ”.
„ამას უზრუნველყოფს ქართული სახელმწიფო და მისი კონსტიტუციური წესრიგი. […] ისინი არაკონსტიტუციურ პარტიებად გამოცხადდებიან და აკერძალებათ საქმიანობა”. – თქვა მან.
„ქართული ოცნების” საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, რომელსაც „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი კომისია” ჰქვია, 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით მოუსმინეს ყფილ ფინანსთა მინისტრ ზურაბ ნოღაიდელს, გრიგოლ ვაშაძეს, რომელიც მაშინ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის პოზიციას იკავებდა, ასევე – საქართველოს პრეზიდენტის ყოფილმა სახელმწიფო რწმუნებულს შიდა ქართლში მიხეილ ქარელს, სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, 2008 წლის ომის დროს სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელმა თამაზ ბესტაევს და პაატა დავითაიას, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის თემაზე შექმნილ პარლამენტის დროებით კომისიას ხელმძღვანელობდა.
27 მარტს მოუსმინეს თადარიგის ვიცე-პოლკოვნიკს, სამხედრო ექიმ ლაშა ქოიავას, შს მინისტრის ყოფილ მოადგილე შალვა ჯანაშვილს და ყოფილი სამხედრო მეთაურს, გენერალ-მაიორ ზაზა გოგავას.
28 მარტს სხდომაზე მივა გენერალი მამუკა ყურაშვილი 2008 წელს საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სამშვიდობო ძალების შტაბის უფროსი იყო.
2008 წელს რუსეთის საქართველოში შემოჭრასთან დაკავშირებით კომისიის სხდომაზე დაბარებული იყო ყოფილი თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი, თუმცა, ის არ გამოცხადდა. ასევე არ გამოცხადდა გოკა გაბაშვილი.
კომისიამ 17 თებერვალს ასევე მოუსმინა „ქართული ოცნების“ იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილს, რომელმაც ილაპარაკა როგორც 2008 წლის ომზე, ისე ადამიანის უფლებათა დარღვევის საქმეებზე, რომლებიც 2003-2012 წლებში საქართველოდან ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაიგზავნა.
გარდა ამისა, საგამოძოებო კომისიამ შპს „მაგნატის” და მისი მესაკუთრე ჯემალ ლეონიძის საქმეების განხილვაზე დაიბარა „ძლიერი საქართველოს” ლიდერები, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე. არც ერთი მათგანი სხდომაზე არ მივიდა. პროკურატურამ ორივე მათგანზე დაიწყო გამოძიება. გამოძიება დაწყებულია ირაკლი ოქრუაშვილის არგამოცხადების საქმეზეც.
კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო გამოძიება იწყება სსკ-ის 349-ე მუხლით, რაც ჯარიმას ან 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, ასევე თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების 3 წლამდე ვადით ჩამორთმევას ითვალისწინებს.