მდინარაძე საიას სარჩელზე: მიჰყვებიან „ნაცმოძრაობის“ ნარატივს

პუბლიკა

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე და პარტიის აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ მთავრობას საკრებულოს დათხოვნის დისკრეცია (უფლებამოსილება) აქვს და არა ვალდებულება, ამიტომ საიას საჩივრის საფუძველი მცდარია.

საუბარია ინფორმაციაზე, რომ საქართველოს ახალგაზრდა იურსიტთა ასოციაცია საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ იწყებს დავას სენაკის საკრებულოს უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით.

„დისკრეცია ნიშნავს უფლებამოსილებას. შესაბამისი კომპეტენცია გააჩნია მთავრობას, მთავრობა აკეთებს ამას, ეს მისი დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებია და ის არ არის ვალდებული, რომ მაინცდამიანც ასე გააკეთოს.

თუ ამ მარტივ, ნებისმიერი პირველკურსელი იურისტისთვის ცნობილ ჭეშმარიტებას განმარტავ სწორად, ნებისმიერი იურისტი მიხვდება, რომ ის მოცემულობა, რითაც ისინი სარჩელის შეტანას აპირებენ, არის მცდარი.

ალბათ ერკვევიან ამაში, შეუძლებელია, ვერ ერკვეოდნენ, მაგრამ რადგან ერკვევიან მაგრამ მაინც მიჰყვებიან „ნაცმოძრაობის“ ნარატივს, ეს არის ცუდი“, – განაცხადა მდინარაძემ.

მამუკა მდინარაძე განმარტავს, რომ შუალედურ არჩევნებში „ოცნების“ კანდიდატს „ნაცმოძრაობის“ კონკურენტი არ ეყოლება, რის შემდეგაც „მოიგონეს ახალი ამბავი, ეს არჩევნები კი არ უნდა იყოსო, მთავრობამ დაითხოვოსო“. მდინარაძე ამბობს, რომ როდესაც შუალედური არჩევნებში ახალი წევრს აირჩევენ, საკრებულოს შეკრების პრობლემა აღარ ექნება.


ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აცხადებს, რომ მა სასამართლოს მიმართეს და მოითხოვეს სენაკში დაგეგმილი შუალედური არჩევნების დანიშვნის  შესახებ ცესკოს განკარგულების გაუქმება. სასამართლოს ორმა ინსტანციამ მოთხოვნა არ დააკმაყოფილა იმ მიზეზით, რომ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ საქართველოს მთავრობას არ აქვს მიღებული დადგენილება.

ორგანიზაცია გავრცელებულ განცხადებაში განმარტავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ სენაკის საკრებულ 6 თვის განმავლობაში არ შეკრებილა, რაც მისი უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველია, მთავრობას შესაბამისი განკარგულება ჯერ არ გამოუცია.

საია მიიჩნევს, რომ სენაკის საკრებულოს უფლებამოსლება უნდა შეწყდეს და დაინიშნოს რიგგარეშე არჩევნები, ნაცვლად ერთი წევრს ასარჩევად შუალედური არჩევნებისა.