მამუკა მდინარაძემ მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის კონსულტაციების მესამე რაუნდის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ოპოზიციას სახალხო დამცველობის ხუთი კანდიდატი შესთავაზეს და მათგან დადებითი პასუხი ვერ მიიღეს. მისი თქმით, ოპოზიციას შესთავაზეს ის ხუთი კანდიდატი სადაც „პოლიტიკური მიუკერძოებლობის ზედმეტნაკლები გარანტია არსებობს”
„ჩვენი მხრიდან კომპრომისი იყო დაშვებული, რომ ამოერჩიათ ხუთი კანდიდატიდან ერთი, რომელიც უნდოდათ. თუმცა, მათი კატეგორიული პოზიციაა, რომ მათ მიერ წარმოდგენილი ორი კანდიდატის გარდა, ისინი მხარს არ დაუჭერენ სხვა კანდიდატს და ჩვენ ვეუბნებით, რომ ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი ამოსავალი წერტილი, სხვა დანარჩენ არგუმენტებს რომ თავი დავანებოთ, არის პოლიტიკური მიუკერძოებლობა. ვიცით, რომ მათ მიერ წარმოდგენილი კანდიდატებიდან ამის შესაძლებლობის დაშვება არის გამორიცხული. მათ შორის გარკვეული უხერხული მომენტები არსებობს კოლეგის, იაგო ხვიჩიას მიმართაც, თუმცა პოლიტიკური პარტიის ლიდერი ალბათ ძნელი წარმოსადგენია, რომ მოახერხებს არჩევის შემთხვევაში პოლიტიკურ მიუკერძოებლობას.
აქედან გამომდინარე, დარჩა ხუთი კანდიდატი, სადაც ჩვენ გვაქვს პოლიტიკური მიუკერძოებლობის ზედმეტნაკლები გარანტია. მე პირადად ვხედავ თეორიულ შანსს, რომ კიდევ ერთხელ გადააფასონ მოვლენები, წინ დააყენონ ევრორეკომენდაციების შესრულების უპირატესი საქვეყნო სახელმწიფოებრივი ინტერესი და იქნებ შეცვლილი პოზიციით დაბრუნდნენ, თუმცა თუ ეს არ მოხდება, მაშინ რა თქმა უნდა, არსებობს საფრთხე ჩავარდნის და შემდეგ გვეყოლება კიდევ მოსაძებნი ახალი კანდიდატები, ახალი პროცესი და ასე შემდეგ. თუმცა, დავიტოვოთ იმედი, რომ იქნებ ამ ჩვენს კომპრომისულ წინადადებაზე მივიღოთ პასუხი“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
შეხვედრის დასრულების შემდეგ ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რომ ოპოზიციამ „ქართულ ოცნებას“ სახალხო დამცველობის ორი კანდიდატი შესთავაზა, თუმცა „ქართულმა ოცნებამ“ მათი მხარდაჭერა გამორიცხა და ოპოზიციას ხუთი კანდიდატი წარუდგინა. დეკანოიძის თქმით, „ქართულმა ოცნებამ” აბაშიძე-ბურჯანაძის კანდიდატურებისთვის ხმის მიცემა გამორიცხა.
28 ნოემბერს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ამბობდა, რომ „ქართული ოცნება“ სახალხო დამცველობის რვა კანდიდატზე ოპოზიციასთან კონსულტაციებს გააგრძელებდა. ესენი იყვნენ: ანა აბაშიძე, გიორგი ბურჯანაძე, ლელა გაფრინდაშვილი, თინათინ ერქვანია, ნუგზარ კოხრეიძე, გიორგი მარიამიძე, ქეთევან ჩაჩავა და იაგო ხვიჩია. დღეს (19 დეკემბერს) გამართული შეხვედრის შემდეგ გაირკვა, რომ 8 კანდიდატიდან სამზე კონსულტაციების გაგრძელებას მმართველი პარტია არ გეგმავს.
შეგახსენებთ, რომ ომბდუსმენობის კანდიდატებზე მსჯელობის დაწყებამდე, სახალხო დამცველობის 19 მსურველი ომბუდსმენის კანდიდატების შეფასების სამუშაო ჯგუფმა შეაფასა. გიორგი ბურჯანაძემ ყველაზე მაღალი ქულები მიიღო.