მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ „ქართული ოცნება” პრეზიდენტობის ისეთ კანდიდატურას დაასახელებს, რომელიც „თავიდანვე გამორიცხავს ვარაუდს, რომ არ გაამართლოს”. ამის შესახებ მან დღეს უმრავლესობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
„ახლა შევეცდებით, რომ ეს სერიოზული ხარვეზი აღმოვფხვრათ და ისეთი კანდიდატი დავასახელოთ, რომელიც თავიდანვე გამორიცხავს ვარაუდს, რომ მანაც არ გაამართლოს. ჩვენ მართლა ბევრი კანდიდატის შესახებ უკვე გვიმსჯელია გუნდის შიგნით, შეიძლება, უფრო ადრე გავახმოვანოთ გადაწყვეტილება პრეზიდენტის კანდიდატურასთან დაკავშირებით, ვიდრე ეს თქვენ წარმოგიდგენიათ”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ამასთან, მდინარაძემ ვიცე-სპიკერად თეა წულუკიანის შესაძლო დანიშვნასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე საპასუხოდ თქვა:
„რა თქმა უნდა, მშვენიერი კანდიდატურაა ისიც [თეა წულუკიანი] იმისთვის, რომ ვიცე-სპიკერის თანამდებობა დაიკავოს, მაგრამ ამაზე დეტალურად ორშაბათს“.
მან, ასევე, ისაუბრა, რომ რაიმე „განსაკუთრებული სიურპრიზი” ძველ საპარლამენტო თანამდებობის პირებთან, რომლებიც არიან პარლამენტში მოქმედი წევრები, არ იქნება. მდინარაძის განცხადებით, ისინი შეინარჩუნებენ თანამდებობებს, ან იქნება გადანაცვლებები, მაგრამ, იქნება „სიახლეებიც”.
დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ მიმდინარე კვირის განმავლობაში დღის წესრიგში ასევე იქნება პრეზიდენტის არჩევის თარიღის ჩანიშვნა და ახალი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადება, სამთავრობო პროგრამასთან ერთად.