მდინარაძე: შოლცი დაუპირისპირდა ევროდირექტივას​

პუბლიკა

მამუკა მდინარაძემ დღეს, 15 აპრილს პარლამენტში, სადაც იურიდიული კომიტეტის სხდომაზე რუსულ კანონს განიხილავენ, თქვა, რომ გერმანიის კანცლერი ევროდირექტივას დაუპირისპირდა.

საქმე ეხება ოლაფ შოლცის 12 აპრილის განცხადებას, როცა მან ირაკლი კობახიძესთან საერთო პრესკონფერენციაზე რუსული კანონი გააკრიტიკა.

„მინდა კიდევ ერთხელ ვთქვა: ჩვენ, ისევე როგორც მთელი ევროკავშირი, კრიტიკულები ვიყავით უცხოური გავლენის ორგანიზაციებთან დაკავშირებულ კანონთან მიმართებაში და როდესაც იგი შეაჩერეს, დიდი იმედი გვქონდა, რომ აღარ განიხილებოდა”. – თქვა ოლაფ შოლცმა.

ირაკლი კობახიძემ კი მანიპულაციურად აღნიშნა, რომ „[მსგავს კანონს] ცოტა ხნის წინ ევროკომისიამაც დაუჭირა მხარი”.

სწორედ ამ მანიპულაციის ფარგლებში ამბობს მამუკა მდინარაძე, რომ შოლცი ევროდირექტივას უპირისპირდება.

გერმანიის ფედერალურმა კანცლერმა ოლაფ შოლცმა ირაკლი კობახიძესთან ერთობლივი განცხადებისას იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს მთავრობა რუსულ კანონს კვლავ უკან გაიხმობს.

ამასთან, შოლცმა აღნიშნა, რომ ევროკავშირს არ აქვს მსგავსი კანონმდებლობა, თუმცა არსებობს დისკუსია, რომ  გამჭვირვალობის საკითხი სხვადასხვა სფეროში უნდა დამყარდეს. ეს სრულიად სხვა კონცეფციაა და ჯერაც არ არის გადაწყვეტილი.