მდინარაძე: სივრცე აღარ რჩება, რომ საზოგადოებას პოზიტიურ ამბებზე ველაპარაკოთ

პუბლიკა

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ ენმ-ის თავმჯდომარის არჩევის თემა საზოგადოებისთვის საინტერესო არაა.

„საზოგადოებისთვის საინტერესოა ევროინტეგრაცია, საზოგადოებას აინტერესებს ავტობანები, რომელიც იქნება. ეკონომიკური ზრდა, სავალუტო ფონდის პროგნოზი, რომ როგორც იქნა, საქართველოს გაუჩნდა შანსი, რომ 2027 წელს 10 ათასს დოლარს გადასცდეს მთლიანი შიდა პროდუქტი. აქედან სამი წლის თავზე, აი, ამ დინამიკით როგორც ვითარდება ქვეყანა, ეკონომიკური პარამეტრები თუ იგივე დარჩა, გადასცდეს 15 ათას დოლარს, რაც ევროპულ მაჩვენებელს უახლოვდება. ეს აინტერესებს საზოგადოებას, ესენი ცდილობენ, რომ ჩვენ ვილაპარაკოთ, რამდენი გოიმი ლიდერი ეყოლება ნაცმოძრაობას და რომელი მოიგებს.“ – განაცხადა მდინარაძემ.

ჟურნალისტებმა მდინარაძეს ასევე ჰკითხეს – თუ ოპოზიცია ბოიკოტს გამოაცხადებს, ხომ არ გამოიწვევს ეს კრიზისს საპარლამენტო საქმიანობაში.

„არა, არანაირი კრიზისი არ შეიქმნება. კრიზისი პარტიაში აქვთ. საქართველოს პარლამენტში იმის გარდა, რაც ყვითლად ვრცელდება ხოლმე საზოგადოების წინაშე გარკვეული მედიასაშუალებების მხრიდან, ხდება უამრავი პოზიტიური რამ და, სამწუხაროდ, სივრცე აღარ რჩება, რომ ამ პოზიტიურ ამბებზე საზოგადოებას ველაპარაკოთ.“ – განაცხადა მდინარაძემ.