მდინარაძე სუს-ის გამოძიებაზე: არ ხდება ეს გლობალური ომის პარტიის მიერ? 

პუბლიკა

მამუკა მდინარაძემ სუს-ის მიერ შეთქმულებისა და ტერორიზმის მუხლით დაწყებული გამოძიების შესახებ „ქართული ოცნების” პროპაგანდისტული ნარატივით ილაპარაკა.

მან უკრაინაში მებრძოლ ქართველებს ბრალი დასდო ბიძინა ივანიშვილისა და მმართველი პარტიის წევრების მკვლელობის განზრახვაში და თქვა, რომ ყველაფერი „გლობალური ომის პარტიის მიერ ხდება“.

„უკრაინაში რადგან იბრძვის, შეუძლია ბიძინა ივანიშვილი მოკლას და დაგვხოცოს ყველა აქ, საქართველოში? […]

ეს გაგრძელებაა იმ ფსევდოლიბერალური ფაშიზმის, რომლის ფარგლებშიც ხდებოდა ტრამპის მკვლელობის მცდელობა, ფიცოს მკვლელობის მცდელობა, იქ ირაკლი კობახიძეს რაღაც მიანიშნეს. ეს ყველაფერი შემთხვევით, მაინცდამაინც 2-3 თვეში დაემთხვა ერთმანეთს? არ ხდება ეს გლობალურო ომის პარტიის მიერ?”. – თქვა მდინარაძემ.

ამავე დროს, „ქართული ოცნების” დეპუტატი ამბობს, რომ გარდა იმისა, რაც ცნობილია, სხვა რაიმე დეტალის შესახებ უშუალოდ მან არაფერი იცის.

რამდენიმე დღეა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გამოკითხვაზე იბარებს უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლ ქართველებს, რომელთა შორისაც ნაწილი აფხაზეთისა და 2008 წლის აგვისტოს ომებში იბრძოდა.

დღეს, 23 ივლისს მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით სუს-მა გამოკითხა ერთ-ერთი მებრძოლი, გელა კახაბრიშვილი. გამოკითხვის შემდეგ როგორც კახაბრიშვილმა, ისე ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა განაცხადეს, რომ შეკითხვები ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების” მაღალჩინოსნების მიმართ ტერორისტული აქტის მომზადებას ეხებოდა.

მისივე თქმით, გამოკითხვის პროცესში ახსენეს  უკრაინაში მყოფი საქართველოს ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნები და იკითხეს, რა შეხება აქვთ მათ უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლ ქართველებთან. რამიშვილმა თქვა, რომ ამ კონტექსტში ახსენეს „ქართული ლეგიონის“ ხელმძღვანელი, მამუკა მამულაშვილი.

იმავე საქმეზე სუს-მა უკვე გამოკითხა ან გამოკითხვაზე დაიბარა უკრაინაში მებრძოლი ქართველები და ომის ვეტერანები: ნადიმ ხმალაძე, ვაჟა ცაცაძე, ლაშა ჭიღლაძე, ბესო ბენდელიანი და კონსტანტინე ჯღამაია.

თავად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს საქმეზე დამატებითი განცხადება არ გაუვრცელებია.

რაც შეეხება „გლობალური ომის პარტიას“, ის მმართველი პარტიის კონსპირაციაა. ხელისუფლების წევრები ხშირად ავრცელებენ დაუსაბუთებელ მოსაზრებებს, რომ სწორედ „გლობალური ომის პარტიას“ სურს, საქართველო ომში ჩაითრიოს.

„ქართულ ოცნებას“ არასდროს დაუკონკრეტებია, ვინ არის „გლობალური ომის პარტიის“ წარმომადგენელი, თუმცა კობახიძეს არაერთხელ უთქვამს, „მასთან ბრძოლა ძალიან რთულია და ამასთან, ამას ალტერნატივა არ აქვს”.

ამასთან, მმართველი პარტიის წევრები ამბობენ, რომ არ გულისხმობენ აშშ-ს და ევროკავშირს, თუმცა მათი განცხადებები ამ კონტექსტში პირდაპირ მიემართება დასავლეთს.