მდინარაძე: თუ 1-2 დღეში ოპოზიციის კომპრომისს ვერ დავინახავთ, მოლაპარაკებას ელჩების დახმარებით გავაგრძელებთ

პუბლიკა

პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტის კითხვას – რა კომპრომისული ნაბიჯი  გადადგა „ქართულმა ოცნებამ“ შარლ მიშელის მონაწილეობით გამართული შეხვედრის შემდეგ, მაშინ ,როცა ოპოზიციამ შეცვალა აქციების ფორმატი და საუბრობს პლებისციტზე? – მდინარაძემ უპასუხა, რომ ხელისუფლებას არაერთი კომპრომისული ნაბიჯი აქვს გადადგმული ოპოზიციის მისამართით. ოპოზიცია კი პლებისციტის საკითხს ფორმალურად აყენებს და იციან, რომ ამ წინადადების განხილვა შეუძლებელია.

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ უახლოეს დღეებში ოპოზიციისგან კომპრომისულ წინადადებას ელოდება.

„თუ მომდევნო ერთ-ორ დღეში შესაბამისი პასუხები არ იქნება და მათი მხრიდან ადგილი არ ექნება, კომპრომისულ წინადადებას, მეგობარი ფასილიტატორი ელჩების დახმარებით და მედიაციის დახმარებით ჩვენ შევძლებთ, მივუსხდეთ მოლაპარაკების მაგიდას. ეს უნდა იყოს სულ რამდენიმე დღეში და არ უნდა იყოს გრძელვადიან პერსპექტივაში“, – განაცხადა მდინარაძემ.

მისივე თქმით, საზოგადოებამ კარგად იცის, ვისი მხრიდან გაიდადგა კომპრომისული ნაბიჯები.

„კომპრომისული ნაბიჯი არაერთი იყო გადგმული. ახლა ჩვენ ველოდებით ოპოზიციის თუნდაც ერთ კომპრომისულ ნაბიჯს, რომ გადაკვეთის წერტილები ვიპოვოთ. არ არის დღეს სიტყვებში ჩაჭიდების დრო. საზოგადოება ხედავს, ყველაფერი ხელისგულზეა, ვინ რა ნაბიჯი გადადგა. საზოგადოებამ იცის კომპრომისული ნაბიჯები, ჩვენი მხრიდან გადადგმული. ახლა რთული ეკონომიკური პირობების მდგომარეობაში სიტყვებზე თამაში და რაღაც პლებაისციტის ფორმალურად დაყენება რომ კომრომისად ჩაეთვალოს ოპოზიციას, სწორი არაა. გულწრფელად გვაქვს პოლიტიკური სტაბილიზაციის სურვილი“, – განახადა მდინარაძემ.