მდინარაძე: უახლოეს დღეებში ვიხილავთ საქართველოს წინააღმდეგ მიმართული დეზინფორმაციის კამპანიას

პუბლიკა

მმართველი პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე მამუკა მდინარაძემ საქართველოს წინააღმდეგ მოსალოდნელი დეზინფორმაციის კამპანიის შესახებ განაცხადა. მისი თქმით, „ვიხილავთ პროვოკაციის ახალ ტალღას, რაც საქართველოში მღელვარების გამოწვევასა და მეორე ფრონტის გახსნაზე იქნება ორიენტირებული“.

მდინარაძემ ამავე ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება უკრაინას კატეგორიულად მოუწოდებს, წარმოადგინოს მტკიცებულებები საქართველოს გავლით რუსეთში სამხედრო დანიშნულების კონტრაბანდის გატარების შესახებ გავრცელებულ ბრალდებებზე.

„უკვე აშკარად ჩანს და ლოგიკურია, რომ უახლეს დღეებში ვიხილავთ საქართველოს წინააღმდეგ მიმართული დეზინფორმაციის კამპანიისა და პროვოკაციების ახალ ტალღას. რაც საქართველოში მღელვარების გამოწვევასა და ასევე მეორე ფრონტის გახსნაზე იქნება ორიენტირებული. ამისთვის მზადდება ნიადაგი და ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ მეგობარი უკრაინის ხელისუფლების მიერ გაკეთებული განცხადებები ამ კამპანიის ნაწილია. მივმართავთ ყველას, ვინც რაიმე ფორმით ჩართულია, განსაკუთრებით ომის პარტიას და მის წარმომადგენლებს, შეწყვიტეთ ჰიბრიდული ომი საქართველოს წინააღმდეგ და ნუ ცდილობთ საქართველოს ომში ჩათრევას.“ – განაცხადა მამუკა მდინარემ.