მდინარაძე: ყველას უნდა გვაინტერესებდეს, ხომ არ აქვს ხოშტარიას რუსულ რუბლებს კავშირი დღევანდელ აქციასთანაც

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა, მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში ბრიფინგი გამართა. მისი თქმით, დღეს ჩვენს ქვეყანაში ყველაზე აქტუალურია კითხვაა – ვინ ან რა ხელოვნურ დაბრკოლებებს უქმნის საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში?

მდინარაძემ ბრიფინგზე დრო ისევ ელენე ხოშტარიას ოჯახზე საუბარს დაუთმო და აღნიშნა, რომ საზოგადოებას ამ დროისათვის ჯერ კიდევ არ მიუღია პასუხი კითხვაზე, რა მოცულობით და დანიშნულებით იღებდა ხოშტარიების ოჯახი მილიონობით რუსულ რუბლს მთელი ამ წლების განმავლობაში.

„ეჭვი მძაფრდება, როდესაც ვიხსენებთ, რომ ელენე ხოშტარია იყო ყველა იმ პროვოკაციის ერთ-ერთი მთავარი სულისჩამდგმელი, რომლითაც გასულ წლებში რუსეთმა იხეირა.

მაგალითებისათვის: ყველას გვახსოვს მისი ქმედებები ზუსტად 3 წლის წინ, 20 ივნისს, რამაც საბოლოოდ რუსეთს საქართველოსთან ფრენების ჩაკეტვისა და ქვეყანაზე მძიმე ეკონომიკური დარტყმის მიყენების შესაძლებლობა მისცა.

ყველას გვახსოვს ქმედებები 80 წელს გადაცილებული პოზნერის წინააღმდეგ, რამაც ასევე საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული რიტორიკის წისქვილზე დაასხა წყალი.  ეჭვებს ამძაფრებს ელენე ხოშტარიას მამის წარსული, რაზეც ზვიად გამსახურდია აქტიურად საუბრობდა. ასევე ის ფაქტი, რომ თავად  ხოშტარია მგიმო-ს კურსდამთავრებული და რუსეთის საერთაშორისო უსაფრთხოების სპეციალისტია.

ფაქტობრივი მოცემულობაა, რომ მთელი ამ წლების განმავლობაში, ხოშტარიას ქმედებები  სწორედ რუსეთის საერთაშორისო უსაფრთხოების ინტერესებს მოემსახურა.

ამ ფონზე, მიგვაჩნია, რომ ყველას უნდა გვაინტერესებდეს, ხომ არ აქვს ხოშტარიას რუსულ რუბლებს კავშირი რუსულ ინტერესებთან და დღევანდელ აქციასთანაც, რომელიც პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროკავშირის მოწოდებას დეპოლარიზაციის შესახებ და რომლის ორგანიზატორებიც ცდილობენ, ქართველი ხალხის არჩეული ხელისუფლება რუსეთთან გააიგივონ. ალბათ გაღმა შედავების პრინციპით“, – განაცხადა მდინარაძემ.

მამუკა მდინარძემ ელენე ხოშტარიას მოუწოდა გაასაჯაროოს სრული ინფორმაცია 2008 წლის აგვისტოს შემდეგ რუსეთიდან მიღებული თითოეული რუბლის შესახებ.

„თუ ხოშტარიას დასამალი არაფერი აქვს და საქმე მართლაც მემკვიდრეობით დატოვებულ ჰონორარს ეხება, მაშინ, ბუნებრივია, გადმორიცხვების გასაჯაროება არანაირ პრობლემას წარმოადგენს, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ხოშტარია და მისი ოჯახი უარს იტყვის რუსეთიდან გადმორიცხული თანხების გასაჯაროებაზე, უკვე უდავო გახდება, რომ ისეთ შემთხვევასთან გვაქვს საქმე, რომლითაც უნდა დაინტერესდნენ საგამოძიებო ორგანოებიც, რათა ქართულმა სახელმწიფომ მაქსიმალურად დააზღვიოს რუსული რბილი ძალის გავლენა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე.” – განაცხადა მდინარაძემ.

ელენე ხოშტარიამ და გოგი ხოშტარიამ უკვე არაერთხელ განმარტეს, რომ გოგი ხოშტარია მემკვიდრეობით დატოვებული ჰონორარს იღებს რუსეთიდან.

გოგი ხოშტარიას თქმით, ის სოლიკო ვირსალაძის მეორე რიგის მემკვიდრეა და დეიდაშვილთან ერთად იღებს ბიძიმისის ჰონორარს.

„მე ვარ მეორე რიგის მემკვიდრე, ჩემს დეიდაშვილთან ერთად. ბიძაჩემს შვილი არ ჰყოლია, ორი და ჰყავდა. ჩვენ ვართ მეორე რიგის მემკვიდრეები, ჩვენზე იყოფა თანაბრად.

ბიძაჩემს ჰქონდა გასტროლებიც, თეატრებთან ერთად, ასევე პერსონალური მიწვევა დადგმაზე მილანში, რომში, პარიზში, ლონდონში, ტოკიოში, ამერიკაში. იქიდან რა ჰონორარი მოდის, გესმით არა?! ეს მოდის წელიწადში, დაახლოებით სამჯერ. რატომ არის ეს რუსული ფული?! უნდა გამოვსულიყავი ტელევიზორში, რომ ბიძაჩემის ჰონორარებს ვიღებ?! დავმალე?! ბანკში არ იციან?!“, – განაცხადა გოგი ხოშტარიამ.