მამუკა მდინარაძე სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას „ლოკალური ომის ქარტიას" უწოდებს

პუბლიკა

„ქართული ოცნების” ერთ-ერთი სახე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, რუსული კანონის ინიციატორი მამუკა მდინარაძე სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას „ლოკალური ომის ქარტიას” უწოდებს.

სალომე ზურაბიშვილმა პოლიტიკურ პარტიებს „ქართული ქარტიის” ხელმოწერა და მის ირგვლივ შეჯერება შესთავაზა.

ქარტია, პრეზიდენტის თქმით, გულისხმობს თანხმობას იმაზე, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ოპოზიცია დანიშავს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს და მას ჩაატარებს თავისუფალ გარემოში.

ახლა კი, მისი თქმით, საჭიროა ერთობა, ვინაიდან ის, რაც ოქტომბერში გველოდება, იქნება არა ჩვეულებრივი არჩევნები, არამედ – სახალხო რეფერენდუმი, სადაც ხალხი გადაწყვეტს, ირჩევს თუ არა ევროპას.

მამუკა მდინარაძის თქმით, პრეზიდენტმა „მიღებული დავალების შესაბამისად წარადგინა არა ქართული, არამედ ლოკალური ომის ქარტია”.

„რომლის მიხედვითაც ხალხმა ხმა ნაცებს უნდა მისცეს იმ დაპირებით, რომ ხალხი ხმას ნაცებს, ომს და ბოროტებას კი არა, ევროპას აძლევს. არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ნაცები ნამდვილ დემოკრატიულ და ევროპულ რეფორმებს ზუსტად ერთ წელში მორჩებიან და ამის შემდეგ კვლავ ჩაატარებენ ახალ, ათასჯერ დემოკრატიულ და უაღრესად გამჭვირვალე არჩევნებს.

გაწმენდენ უწყებებს ხალხის მტრებისგან, ხოლო დროებით მთავრობას პოლიტიკოსებს არ გააკარებენ. გეგმა კი თავის მხრივ ევროკავშირის წევრობას უზრუნველყოფს. წარმოუდგენელია, ეჭვი შეიტანო რომელიმე სიტყვაში”. – წერს მამუკა მდინარაძე „ფეისბუქზე”.