მდინარაძე ФСБ-ის განცხადებაზე: სპეცსამსახურებს თავისი ინტერესები აქვთ, გაშიფვრას ვერ დავიწყებ

პუბლიკა

მამუკა მდინარაძემ რუსული ფსბ-ის განცხადების პასუხად თქვა, რომ „ყველა ქვეყნის სპეცსამსახურს თავისი ინტერესები აქვს და მათ გაშიფვრას ვერ დაიწყებს”.

რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურმა (ფსბ) დღეს განაცხადა, რომ „უკრაინის სპეცსამსახურებმა ყირიმის ხიდზე კიდევ ერთი აფეთქების მცდელობა აღკვეთა”.

ფსბ-მ თქვა, რომ ბომბი უკრაინაში საქართველოს გავლით წაიღეს.

მამუკა მდინარაძემ ამის შესახებ დასმული კითხვის პასუხად თქვა:

„არაფერს გამოვრიცხავ. ყველა ქვეყნის სპეცსამსახურს, მათ შორის, რუსეთის – ჩვენი ქვეყნის 20%-მდე ტერიტორიის ოკუპირების ავტორი ქვეყნის სპეცსამსახურებს თავისი ინტერესები აქვთ და მის გაშიფვრას მე ვერ დავიწყებ. შეიძლება, ასეც იყოს ან არ იყოს. შეიძლება, ასეც იყოს ან არ იყოს. ყოველ შემთხვევაში, ამ ვერსიის გამორიცხვა არ შეიძლება. თუმცა, შემიძლია ვთქვა, რომ მსგავსი და ანალოგიური შემთხვევა ადრეც იყო. რამდენად დადასტურდება ან არ დადასტურდება, მეორე საკითხია.

ყველა ქვეყანას, ოკუპანტს თუ არაოკუპანტს თუ მეგობარს თუ მეგობრადწოდებულს აქვს თავისი ინტერესები და ყველა ქვეყნის და მისი სპეცსამსახურის განცხადება უნდა განვიხილოთ მისი ინტერესებიდან  გამომდინარე და იმ სიცრუეში არ უნდა შევიდეთ, შარშან რომ ამბობდით, რომ აი „მეგობარი გეუბნებათ ამას”. მეგობრობა არსებობს ადამიანებში და იქაც, სამწუხაროდ, ინტერესები მეგობრობის ხარისხზე გავლენას ახდენს ხოლმე.

რაც შეეხება ნებისმიერ განცხადებას – უნდა ვივარაუდოთ და ვირწმუნოთ, რომ ყველა ქვეყანა საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე საუბრობს და მოქმედებს და შენზე, შენს ქვეყანაზე არავინ ფიქრობს. ჩვენ ჩვენს თავს უნდა მივხედოთ. ამას უნდა მივხვდეთ”.

კითხვას, რა შეიძლება იყოს რუსეთის ინტერესი ამ შემთხვევაში, მამუკა მდინარაძემ არ უპასუხა.