მდინარაძემ საგანგებო ბრიფინგი IRI-ის ანგარიშის გამო გამართა

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ პარტიის ცენტრალურ ოფისში ბრიფინგი „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი საქართველოს – IRI“-ის ანგარიშის გამო გამართა.

მდინარაძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ IRI-ის შეფასება ადასტურებს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები და წინასაარჩევნო პერიოდი, ერთ-ერთი ყველაზე უფრო დემოკრატიული, თავისუფალი, მშვიდობიანი და კონკურენტული იყო , ვიდრე წინა წლებში.

მამუკა მდინარაძის მტკიცებით, დოკუმენტში ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ გატარებული რეფორმები მნიშვნელოვანი მიღწევა იყო საქართველოსთვის, რაც დემოკრატიული წინასაარჩევნო პერიოდის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა გახდა.

„IRI-ის შეფასებით, წინასაარჩევნო გარემო იყო მშვიდი და პოლიტიკურად კონკურენტული. პოლიტიკურ პარტიებსა და კანდიდატებს შეეძლოთ თავისუფლად ეწარმოებინათ კამპანია, ხოლო მოქალაქეებს ჰქონდათ წვდომა სხვადასხვა პოლიტიკურ მედიასაშუალებებსა და ინფორმაციაზე“, – განაცხადა მდინარაძემ.

მისივე თქმით, დასკვნაში აღნიშნულია, რომ გლობალური პანდემიის ფონზე, ცესკომ გამოავლინა არჩევნების ჩატარების და ამომრჩეველთა ხმის მიცემის უფლების უზრუნველყოფისთვის მზაობა და საარჩევნო კომისიამ გამოაქვეყნა წესები COVID-19 პანდემიის დროს ხმის მიცემის ალტერნატიული გზების შესახებ, რაც საერთო ჯამში უპრეცედენტო და ცალკე აღსანიშნავი იყო.

„„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ დასკვნა, სხვა ავტორიტეტული ორგანიზაციების შეფასებებთან ერთად, ადასტურებს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები არათუ გაყალბდა, არამედ ეს არჩევნები ყველაზე დემოკრატიული, თავისუფალი, მშვიდობიანი და კონკურენტული არჩევნები იყო ჩვენი ქვეყნის ისტორიაში“, – განაცხადა მდინარაძემ.