„იმ შემთხვევაში, თუ სრულად პროპორციული, უბარიერო სისტემა დაიდება, „გირჩი“ შევა პარლამენტში და დარწმუნებულია, რომ სხვა პოლიტიკური ძალებიც შევლენ, უბრალოდ, [მდინარაძის] დღევანდელი განცხადება არის საუბრის დაწყება და არა პირობა“, – ამის შესახებ მამუკა მდინარაძის ბრიფინგის საპასუხოდ, „გირჩის“ თავმჯდომარემ, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
იაგო ხვიჩიას თქმით, იცოდა, რომ „ქართული ოცნების“ შიგნით „გარკვეული ტიპის წინააღმდეგობები“ იყო ნულოვანი ბარიერის საკითხზე და მას შემდეგ, რაც დისკუსიების ეტაპი ჩაივლიდა, მისი თქმით, მმართველი პარტიისგან „რაღაც ტიპის“ განცხადებას ელოდებოდა.
ხვიჩიამ კიდევ ერთხელ თქვა, რომ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს რამდენჯერმე არაფორმალურად შეხვდა.
„მე მინდა, საჯაროდ ვილაპარაკოთ ამაზე, მათ შორის, მოვისმინო „ქართული ოცნების“ შიგნით განსხვავებული არგუმენტები სრულიად კონსტრუქციულ რეჟიმში, მხოლოდ ამაზე ვილაპარაკებთ, სხვა რამეზე საუბარი არ მინდა. ასევე, მზად ვარ, ფრაქციის სხდომაზე მივიდე და ვინმე თუ არის განსხვავებულ აზრზე, მათ დაველაპარაკო და დისკუსია დავიწყო“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ TV პირველის ეთერში.