მდინარაძის განცხადებით, დეკანოიძემ და უგულავამ „სამართლებრივი და პოლიტიკური დანაშაული ჩაიდინეს“

პუბლიკა

„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა ხატია დეკანოიძემ და გიგი უგულავამ შეღებეს „ქართული ოცნების“ საარჩევნო ბანერი, რომელზეც უკრაინის ომის კადრებია გამოყენებული.

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე ამას სამართლებრივ და პოლიტიკურ დანაშაულად აფასებს.

მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ დეკანოიძემ და უგულავამ ჩაიდინეს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული ქმედება (ჯგუფურად ნივთის დაზიანება ან განადგურება). კოდექსით, ამ მუხლის დარღვევისთვის გათვალისწინებულია პატიმრობა სამიდან ექვს წლამდე.

მდინარაძე ასევე წერს, რომ დეკანოიძემ და უგულავამ წარწერის „არა ომს“ შეღებვით „პატრონებს ომის ერთგულება დაუდასტურეს“.

„თუ ახლა გამოხტებიან, ადმინისტრაციულიაო – კი ბატონო, უბრალოდ მერე თქვენი შეუღებავი ბანერები გექნებათ საძებნი.

ახლა ერთადერთი ის უნდა ინატრონ, იქნებ გაიწმინდოს, დასვრა გამოვიდეს და არა დაზიანებაო“, – წერს მდინარაძე.

ხატია დეკანოიძემ სოციალურ ქსელში გაავრცელა ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ ის და გიგი უგულავა გრძელ ჯოხზე დამაგრებული ფუნჯით თეთრად ღებავენ „ქართული ოცნების“ საარჩევნო ბანერის ნაწილს, რომელზეც უკრაინაში რუსეთის ომის შედეგია გამოსახული.