მდინარაძის თქმით, მთავრობის განკარგულებები გახარიას გადაწყვეტილებით აღარ ქვეყნდებოდა

პუბლიკა

როგორც „ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე აცხადებს, მთავრობის, მათ შორის, ღარიბაშვილის განკარგულებები ვებგვერდზე საჯაროდ გიორგი გახარიას გადაწყვეტილების შემდეგ აღარ ქვეყნდებოდა. მისი თქმით, გახარიას პრემიერობის დროს დაიწყო ვებგვერდის რეკონსტრუქცია და შეწყდა განკარგულებების საჯაროდ გამოქვეყნება.

ამ განცხადებით მდინარაძემ უპასუხა გახარიას პარტიის წევრის, ანა ბუჩუკურის მოწოდებას კობახიძისადმი, რომ საჯაროდ აიტვირთოს მთავრობის ყველა განკარგულება, მათ შორის, გახარიასა და ღარიბაშვილის პრემიერობის პერიოდის.

ანა ბუჩუკურმა ასევე თქვა, რომ ღარიბაშვილის პრემიერობის სამწლიან პერიოდში არცერთი განკარგულება არ გამოქვეყნებულა, გახარიას დროს კი 26 გვერდი გამოქვეყნდა, 2020 წლიდან კი, პანდემიის პერიოდში, საიტის რეკონსტრუქციის გამო აღარ ქვეყნდებოდა.

პარტიის წევრი ნათია მეზვრიშვილი კი ამბობს, რომ „განკარგულებების რაღაც ნაწილი, ერთეული შემთხვევები, შეიძლება, არ იყოს გამოქვეყნებული“, თუმცა ის ამბობს, რომ „განკარგულებების გამოქვეყნების შეწყვეტა“ არასწორი შეფასებაა.

მამუკა მდინარაძის თქმით, ოპოზიცია, მათ შორის გახარიას პარტია ამ საკითხს მთავრობის დისკრედიტაციისთვის იყენებს.

„ბოლო ორი წლის განმავლობაში ყველა „ნაცი“, „ნაცმედია“ და გახარიები ერთად ცდილობდნენ, რომ ეს გადაწყვეტილება მიეწერათ ღარიბაშვილისთვის და დღეს, კობახიძის გადაწყვეტილების [საჯაროდ გამოქვეყნდეს განკარგულებები] შემდგომ აღმოჩნდა, რომ გახარიას პრემიერობისას და მის მიერ იყო მიღებული ეს გადაწყვეტილება რეკონსტრუქციის მოტივით.

ახლა დაუსვით ერთი კითხვა ან მე დავუსვამ აქედან რიტორიკულ კითხვას: სად არის რეკონსტრუქცია?!

რომ გათიშეს საიტი, შესაბამისი გვერდი და ფანჯარა და „რეკონსტრუქცია“ დააწერეს. რამდენი წელი გავიდა, ვინმემ დაიწყო რეკონსტრუქცია?! სად არის რეკონსტრუქციის შედეგი, ერთი რაღაც წარწერა მაინც შეიცვალა?!

არაფერი შეცვლილა, არანაირი რეკონსტრუქცია არ მომხდარა. გახარიას გადაწყვეტილებით, ეს მთავრობის ყველა გადაწყვეტილება დამალული გახდა, შემდეგ მიმდინარე პრაქტიკა გაგრძელდა, სამწუხაროდ.

ახლა, დღეს ითხოვენ და რამდენად სპეკულაციურია ეს მოთხოვნა, ამას ერთი თითის „დაწკაპება“ არ შველის, მთელი სისტემატიზაცია სჭირდება ამდენი წლის გადაწყვეტილებების ატვირთვას, ეს არაა ერთი კვირის და ერთი თვის საქმე… და ახლა თურმე ერთ დღეში ვიღაცა უნდა ადგეს და 3 წლის გადაწყვეტილებები ერთად ატვირთოს“, – განაცხადა მან.


პრემიერმა ირაკლი კობახიძემ 12 თებერვალს მისი მთავრობის პირველ სხდომაზე განაცხადა, რომ  მთავრობა ანგარიშვალდებულების და გამჭვირვალობის მიმართულებით მაგალითის მიმცემი უნდა იყოს.

ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, რომ კობახიძის გადაწყვეტილებით, მთავრობის გადაწყვეტილებები საჯარო იქნება და განკარგულებები გამოქვეყნდება.