მდინარაძის თქმით, „ოცნება" ომბუდსმენის არჩევის წესზე კონკრეტულ გეგმას დღესვე წარმოადგენს

პუბლიკა

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ სახალხო დამცველის არჩევის წესთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციებთან გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. მისი თქმით, 3-4 საათში „ქართული ოცნება“ სახალხო დამცველის არჩევის წესთან დაკავშირებით საზოგადოებას კონკრეტულ გეგმას გააცნობს. შეხვედრაში „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პლატფორმაში შემავალი ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ – ლაშა ტუღუში, ეკა ციმაკურიძე და ალეკო ცქიტიშვილი.

„მე და მიშა სარჯველაძე ჩვენს კოლეგებთან ერთად რამდენიმე საათის განმავლობაში შევაჯერებთ გუშინდელ პოზიციებს ჩვენი ოპონენტებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების დღევანდელ პოზიციებს. მე ვთქვი, რომ აცდენა პრაქტიკულად არ გვაქვს. უამრავი საკითხი იქნა დაყენებული. ამ ყველაფერს სისტემატიზაციას გავუკეთებთ და მაქსიმუმ 3-4 საათის განმავლობაში წარმოგიდგენთ გეგმას, რომელიც უზრუნველყოფს ინკლუზიურობას და იმას, რომ არასამთავრობო სექტორის ჩართულობაც იყოს, მაქსიმალური ხარისხით, რაც კი შესაძლებელია. ასევე ჩვენი ოპონენტების გუშინდელი აზრებიც იყოს გათვალისწინებული. მათ შორის როგორი საკითხები დაისვა იცით? – კენჭისყრის ფარულობა თუ ღიაობა? ასეთ საკითხზეც კი გეტყვით ჩვენს პოზიციას დღეს. ღიაობასთან დაკავშირებით პრინციპში იქვე იყო ჩვენი თანხმობა, მაგრამ ეს ჯერ გუნდის წევრებთანაც უნდა შევაჯეროთ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

პოლიტიკური ჯგუფი „მოქალაქეები“ პარლამენტის მიერ სახალხო დამცველის არჩევისას კენჭისყრის ფარულობის გაუქმების ინიციატივით გამოდიან მათ პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებების პროექტი მოამზადეს, რომლის მიხედვით, ომბუდსმენის არჩევა ღია კენჭისყრით მოხდება და შესაბამისად, კენჭისყრის შედეგები საჯარო იქნება.

ჟურნალისტის კითხვაზე – შესაძლებელია თუ არა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ რეგლამენტით გათვალისწინებული უფლება ომბუდსმენის კანდიდატურის დასახელებაზე ოპოზიციურ პარტიებს დაუთმოს? – მდინარაძემ განაცხადა, რომ ამ კითხვაზე ჯერ ზუსტი პასუხი არ აქვს და ამ საკითხზეც პასუხს საზოგადოება 3-4 საათში მიღებს.

სახალხო დამცველის არჩევის წესთან დაკავშირებით გუშინ და დღეს პარლამენტში უმრავლესობამ შეხვედრები გამართა. გუშინ ოპოზიციურ პარტიებთან გამართულ შეხვედრაში მონაწილეობდა „გირჩი“ „ევროპელი სოციალისტები“ და „მოქალაქეები“ სხვა ოპოზიციურმა პარტიებმა შეხვედრაში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს. პარლამენტში შეხვედრას არ ესწრებოდნენ „ნაციონალური მოძრაობის“, „სტრატეგია აღმაშენებლის“ და „ლელოს“ დეპუტატები. როგორც „ლელოს“ წევრმა, დავით უსუფაშვილმა განაცხადა, ფრაქცია საპარლამენტო საქმიანობაში საკომიტეტო, ბიუროს და სხდომების ეტაპებიდან ჩაერთვება. „სტრატეგია აღმაშენებელი“ და „ნაციონალური მოძრაობა“ აცხადებენ, რომ მხარს სამოქალაქო სექტორის მიერ შერჩეულ კანდიდატს დაუჭერენ.