გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მდინარე ბუბას კალაპოტში გუშინ, გვიან ღამით, ქვათაცვენის ფაქტი დაფიქსირდა. ადგილზე ვითარებას გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები გაეცნენ.
სააგენტოს ცნობით, მდინარე ბუბისწყლის კალაპოტში მიმდინარეობს სტიქიის თანმდევი პროცესები და მასშტაბური სტიქიების შემდეგ, ასეთი მოვლენები მოსალოდნელი ფაქტია.
მათივე ცნობით, ამ ეტაპზე, აღნიშნული პროცესები საფრთხის შემცველი არ არის.
შსს-ს ცნობით, სამძებრო სამუშაოებში ჩართული სამაშველო ნავების მეშვეობით, მდინარის და მისი მიმდებარე ტერიტორიების აქტიური მონიტორინგი ხორციელდება. სამუშაოებში ასევე ჩართული არიან პოლიციის დანაყოფები, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები, კინოლოგთა ჯგუფი, თავდაცვის სამინისტროს და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თანამშრომლები. ადგილზე მუშაობს დრონები და სპეცტექნიკა.
მაშველების მიერ ამ დროისთვის სტიქიის ზონაში აღმოჩენილია 24 ცხედარი, საძიებო სამუშაოები 9 პირთან დაკავშირებით მიმდინარეობს.