მძევალი ბანკიდან: მძარცველი ნახევარ მილიონს მოითხოვს, 19-ნი ვართ ოთახში

პუბლიკა

ამ წუთებში ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ შენობიდან, სადაც თავდამსხმელს მძევლები ჰყავს აყვანილი, ტელეკომპანია „მთავარს“ პირდაპირ ეთერში ჩაერთო ერთ-ერთი მძევალი, რომელმაც განაცხადა, რომ ტელეკომპანიას თავდამსხმელის დავალებით უკავშირდება.  მისი თქმით, თავდამსხმელი მოითხოვს 500 000 დოლარს და უსაფრთხოების გარანტიებს.

„ამ ოთახში ვიმყოფებით 19 ადამიანი. გამტაცებელი არის კბილებამდე შეიარაღებული – ავტომატით, პისტოლეტით, ყუმბარით, რომელსაც მოხსნილი აქვს დამცავი და ხელში უჭირავს. ამიტომ ძალადობრივი მოგვარება ამ სიტუაციის შეუძლებელია. ეს გამოიწვევს მძევლების მსხვერპლს. გამტაცებელი მოითხოვს 500 000 დოლარს. აუცილებლად, სწრაფად რომ შემოვიდეს ვინმე, შეუიარაღებლად, რომელსაც აქვს მოლაპარაკების ლეგიტიმაცია“, – განაცხადა მძევალმა ტელეკომპანიასთან.

როგორც მან განაცხადა, ოთახში არ არიან ბავშვები, არიან ქალები და კაცები. მისივე თქმით, საუბრის მომენტში გამტაცებელი მძევლის გვერდით იმყოფებოდა.

მძევალი „მთავარ არხთან“ ამბობს, რომ მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად ხელისუფლებას 2 საათს აძლევს.