მძღოლი, რომელმაც სიღნაღის ისტორიული გალავანი დააზიანა, 250 ლარით დააჯარიმეს

პუბლიკა

სიღნაღში ავტომობილის მძღოლი, რომელიც ისტორიული გალავნის თაღს შეეჯახა, რის შედეგადაც ის ჩამოინგრა, 250 ლარით დააჯარიმეს. ინფორმაცია „პუბლიკას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

შსს-ს ცნობით, ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ ადგილზევე შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და მძღოლი დაჯარიმდა საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის.

1 დეკემბერს ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, მე-18 საუკუნეში აგებული სიღნაღის გალავნის ნაწილი ჩამოინგრა. ადგილობრივების თქმით, სატვირთო ავტომობილი თაღს შეეჯახა, რის გამოც ის ჩამოიშალა.

სიღნაღის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, ადგილზე შსს-თან ერთად მუშაობდნენ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები.

სიღნაღის თაღი ეროვნული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია.

მუნიციპალიტეტი წერს, რომ მისი აღდგენა ყველა შესაბამისი უწყების კოორდინირებული მუშაობით, უახლოეს პერიოდში გახდება შესაძლებელი.