ენმ-მ მძიმე მდგომარეობაში დაგვახვედრა ჰააგის გამოძიება. სიმართლე მტკიცებას საჭიროებდა და არაფერი ჰქონდათ გაკეთებული - წულუკიანი

პუბლიკა

„ეს ჩვენი სამშობლოს გამარჯვებაა, რაც იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენი ხელისუფლების საჯარო მოხელეების, მთავრობის სხვადასხვა შემადგენლობისა და პოლიტიკოსების დიდი ძალისხმევის შედეგად შევძელით გამოძიების სწორი მიმართულებით წაყვანა და მოპოვება საერთაშორისო დოკუმენტებისა, რომელიც ამბობს, რომ საქართველო არის მართალი“, – ამის შესახებ კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა გადაცემაში „იმედი LIVE“, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის განცხადების შეფასებისას განაცხადა.

„სიმართლე არის ის, რომ ქართველების ეთნიკური წმენდა მოხდა, ოკუპირებულია ჩვენი ქვეყნის ტერიტორიები, რომ დევნილები უნდა დაბრუნდნენ და მრავალი სხვა ისეთი დასკვნა თუ პოსტულატი, რომელიც სამართლებრივი იარაღია და ქვეყნის მშვიდობიანი გაერთიანების პროცესში სწორედ სამართლებრივი დოკუმენტებია მთავარი. ნაციონალებმა ძალიან მძიმე მდგომარეობაში დაგვახვედრეს როგორც სტრასბურგის დავა, ისე ჰააგის გამოძიება.

ჩვენი სიმართლეები, ქართული სიმართლე მტკიცებას საჭიროებდა და მათ ამისთვის არაფერი ჰქონდათ გაკეთებული. კიდევ ერთი დავა ჰააგის სხვა სასამართლოში, საერთაშორისო სასამართლოში უკვე წაგებული დაგვხვდა. ჩვენ დაგვხვდა ორი რამ დარჩენილი, რაც ჩვენს მაგიდაზე იდო – სტრაბსურგი ომის საქმეზე და ჰააგაში დაწყებული გარკვეული ანალიზი. სტრასბურგის საქმეზე ხატოვნად რომ ვთქვა, სანთლით გვიწევდა მტკიცებულებების ძებნა იმიტომ, რომ საქმეში არაფერი იდო. თავიდან მოგვიწია ასეულობით მოწმის დაკითხვა არაერთი წლის შემდეგ და იცით, რომ საქმის წარმოებაში დროს დიდი მნიშვნელობა აქვს. ყველა დონეზე ღირსეულად წარვდექით“,- განაცხადა წულუკიანმა.

წულუკიანი ამბობს, რომ „დაგეშილები“ ეძებდნენ დოკუმენტებს, რომლებიც „მათ დაკარგეს, ან გააქრეს, ან არ თვლიდნენ საჭიროდ, რომ შეენახათ.“

„ასევე, მტკიცებულებები, მაგალითად სააკაშვილის ბრძანებას, რომელიც მაშინ მთავარსარდალი გახლდათ, რომ მან კონკრეტულ მომენტში ბრძანება გასცა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ და ჯარი კონფლიქტის ზონიდან გამოიყვანა, ამ ბრძანებას ჩვენი ჯარის სიმართლის მტკიცებისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, მაგრამ მათ ეს დოკუმენტურად არ ჰქონდათ შენახული….

შემდეგ, ჩვენ მივაკვლიეთ ამ ბრძანების ასლს და სხვადასხვა მტკიცებულების ერთობლიობით დავამტკიცეთ, რომ ქართული ჯარი ამა და ამ დროს კონფლიქტის ზონაში არ იმყოფებოდა და რაკი არ იმყოფებოდა, ვერც გამტყუნდებოდა. ამის პარალელურად გვესმოდა ჩვენი ყოვლად უსინდისო პრეზიდენტის, სააკაშვილის განცხადებები, რომ – წულუკიანი იბრძვის ჰააგაში, რომ ქართული ჯარი დაასჯევინოს და ა.შ. მან ყველაფერი იკადრა, რისი კადრებაც შეიძლება ადამიანმა ვერც კი წარმოიდგინოს, იმ ფონზე, როცა ჩვენ მის მიერ დაკარგულ დოკუმენტებს ვეძებდით, რომ ქართული ჯარის და ქართველი გლეხის, რომელიც საკუთარი საცხოვრისიდან განდევნა ოკუპანტმა, ამ ადამიანების ანუ საქართველოს სიმართლე დაგვემტკიცებინა“, – განაცხადა წულუკიანმა.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა კარიმ ასად ახმად ხანმა 2008 წლის რუსეთ- საქართველოს ომის საქმის გამოძიება დასრულებულად გამოაცხადა.

„დღეს შემიძლია დავადასტურო, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წარმოებაში არსებული საქმეების გარდა, ჩემი ოფისი აღარ გააგრძელებს გამოძიებას ახალი მიმართულებით საქართველოს სიტუაციის ფარგლებში სხვა პირთა სავარაუდო სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობასთან ან სხვა ქმედებებთან დაკავშირებით. შესაბამისად, რადგანაც გარემოებები მნიშვნელოვნად არ შეცვლილა, საქართველოს სიტუაციის გამოძიების ეტაპი დასრულდა. ამ გადაწყვეტილების შესახებ უკვე ვაცნობე საქართველოს ხელისუფლებას“, – წერია ჰააგის სასამართლოს მთავარი პროკურორის ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.