მძინარაშვილი – ის, რომ მაღლაფერიძე ჩემი ნათლიაა, საზმაუში პროცესებს ხელს შეუწყობს

პუბლიკა

„როდესაც თქვენ შეიტყვეთ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორი, ვასილ მაღლაფერიძე ჩემი ნათლიაა, ეს მიიღეთ, როგორც სენსაციური ინფორმაცია. კარგია, რომ ჩემთან გადაამოწმეთ“. – გვითხრა ბონდო მძინარაშვილმა, მაუწყებლის ბორდის არჩეულმა წევრმა. მას საქართველოს პარლამენტის 95-მა დეპუტატმა მხარი დღეს დაუჭირა და 6 წლის ვადით აირჩია.

მძინარაშვილს მიაჩნია, რომ, კანონის მიხედვით, ინტერესთა კონფლიქტი არ აქვს, რადგან კანონი ნათლიებზე არაფერს ამბობს, ჩვენი კითხვის საპასუხოდ კი დასძენს: „კი, უახლოესი ადამიანია ჩემი ნათლია, ერთიც და მეორეც. ორი მყავს სხვათა შორის“.

ბონდო მძინარაშვილი გვიყვება, რომ მაშინ, როდესაც სახელმწიფო საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოადგილე იყო და საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურს კურირებდა – „გახსოვთ ეს ამბავი ხომ?  2002-2003 წლებში“ – მოგვმართა მან –  ვასილ მაღლაფერიძე პარლამენტში ოპოზიციონერი დეპუტატი იყო, თუმცა, მისი თქმით,  ის საქმესა და ურთიერთობას მკვეთრად მიჯნავს.

ბონდო მძინარაშვილი მიიჩნევს, რომ ნათლია-ნათლულის ურთიერთობა, არათუ ხელს შეუშლის პირიქით – შეუწყობს კიდეც „საზოგადოებრივ მაუწყებელში პროცესების კონსტრუქციულად და არა დესტრუქციულად წარმართვას“.

თუკი რაიმე შენიშვნა მექნება, მე მას მივცემ ამ შენიშვნას, და რაც მთავარია, იგი ამას  ჩემგან მიიღებს არა როგორც მტრული და დაპირისპირებული ბანაკის წარმომადგენლის, არამედ ნათლულის შენიშვნას, რომელიც შენიშვნას მხოლოდ კეთილგანწყობით აძლევს და, ჩემი აზრით, უმრავლეს შემთხვევაში  გაითვალისწინებს, რადგან მე უსამართლო შენიშვნას არასდროს არავის ვაძლევ“. – გვითხრა მან.

მძინარაშვილმა უარი გვითხრა, ესაუბრა საზოგადოებრივი მაუწყებლის თუნდაც ერთ ხარვეზზე, ვიდრე მაუწყებლის საქმიანობას შიგნიდან არ დააკვირდება – „უბრალო მაყურებლის თვალით კომენტარის უფლებას ჩემს თავს ვერ მივცემ“.

ჩვენ ვასილ მაღლაფერიძის, როგორც მენეჯერის, შეფასებაც ვთხოვეთ, თუმცა მან აქცენტი პერსონალურ ურთიერთობაზე გადაიტანა – „ნათლულმა ნათლიაზე რა შეიძლება თქვას? აი, როგორ ფიქრობთ, თქვენ?“

„მედიის განვითარების ფონდმა“ ბონდო მძინარაშვილის სხვადასხვა დროს გაკეთებულ განცხადებებს მოუყარა თავი. პუბლიკაციაში, რომელიც ორგანიზაციის ვებგვერდზე გამოქვეყნდა, ნათქვამია, რომ ტელეკომპანია „ობიექტივის“ წამყვანი და მთავარი რედაქტორი ბონდო მძინარაშვილი წლებია, ანტიდასავლური, პრორუსული, თურქოფობიური და სიძულვილის ენის შემცველი განცხადებებით გამოირჩევა. „მედიის განვითარების ფონდის“ მომზადებულ მასალა, რომელშიც ბონდო მძინარაშვილის ანტიამერიკული და NATO-ს საწინააღმდეგო განცხადებებია თავმოყრილი, იხილეთ ბმულზე.