მძინარე თანასაკნელის მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

პუბლიკა

გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის წარდგენილი მტკიცებულებები და უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

„იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ ჩატარებული გამოძიებით და ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2021 წლის 4 მარტს, ქ, ბათუმში, N3 პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებულმა პატიმარმა თანასაკნელს, რომელსაც ეძინა, დაზიანებები, მათ შორის მრავლობითი ნაკვეთი ჭრილობები მიაყენა.

პენიტენციური დაწესებულების თანამშრომელთა ჩარევის შედეგად, დაზარალებული გადაიყვანეს სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც მისი გადარჩენა მოხერხდა.

ბრალდებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობის მცდელობა დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირის მიმართ) წარედგინა”, – ამბობენ პროკურატურაში.

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.