განათლების სამინისტროს ცნობით, თბილისის მე-10 საჯარო სკოლის მოსწავლეები სწავლას ალტერნატიულ შენობაში გააგრძელებენ.
უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სკოლას ალტერნატიულ სივრცეს აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი დაუთმობს.
მე-10 სკოლის მოსწავლეები 22-ე სკოლის შენობაში სწავლობდნენ, თუმცა 22-ე სკოლის შენობის მდგრადობის გამო იქიდანაც გაასახლეს და ონლაინსწავლება შესთავაზეს.
„N10 საჯარო სკოლის მოსწავლეები N22 საჯარო სკოლის კონკრეტულ ფლიგელში სწავლობდნენ, სადაც შენობის მდგრადობასთან დაკავშირებით გაიგზავნა მოთხოვნა სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში. დასკვნის მიღებამდე მოსწავლეები რამდენიმე დღით დაუყონებლივ გადავიდნენ დისტანციური სწავლების ფორმატზე.
პარალელურად სამინისტრო აქტიურად მუშაობდა N10 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის ალტერნატიული ფართის უზრუნველსაყოფად.
განხილულ იქნა 10-მდე ვარიანტი და შეირჩა საუკეთესო შენობა, რომელიც აკმაყოფილებს სწავლა-სწავლების პროცესის სტანდარტებს და ადგილმდებარეობის კუთხით მისაღებია მშობლებისთვის. ამ ეტაპზე, სკოლის დირექციის მხრიდან, სამინისტროს დახმარებით მიმდინარეობს შესაბამისი სამუშაოები და ორშაბათიდან, N10 საჯარო სკოლის მოსწავლეების სწავლას თანამედროვე სტანდარტების შესაბამის შენობაში გააგრძელებენ“, – ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მე-10 სკოლის მოსწავლეებმა და მშობლებმა სკოლის აშენების და ფართის გამოყოფის მოთხოვნით რამდენიმე აქცია გამართეს და ორჯერ გადაკეტეს დადიანის ქუჩა.
მათი ინფორმაციით, მე-10 სკოლა მე-8 წელია შენდება და მანამდე 22-ე სკოლაში ჰქონდათ ფართი გამოყოფილი, თუმცა შენობის პრობლემების გამო აქედანაც გამოიყვანეს და ალტერნატიული ფართის შეთავაზების გარეშე ონლაინსწავლებაზე გადაყვანა შესთავაზეს.
მშობლები და მოსწავლეები ონლაინსწავლების სისტემას არ ეთანხმებიან და ალტერნატიული ფაქტის გამოყოფას და სკოლის აშენებას მოითხოვდნენ.
29 ოქტომბერს „ოცნების“ პარლამენტში ინტერპელაციის პროცედურის დროს „ოცნების“ ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ მე-10 სკოლასთან დაკავშირებით განაცხადა:
„არის უფლებამონაცვლეობით გადმოცემული. კონტრაქტით დასრულების ვადა აქვს 2026 წლის მაისი, თუმცა აქ პრობლემა არის სპორტული მოედნის მშენებლობა, მომიჯნავე მიწის ნაკვეთებს აქვს გარკვეული პრობლემები.“