მე-12 დაწესებულებასთან სააკაშვილის საწინააღმდეგო აქცია იმართება

პუბლიკა

მე-12 დაწესებულებასთან სააკაშვილის საწინააღმდეგო აქცია იმართება. აქციის მონაწილეთა განცხადებით, აქციის მიზანი საზოგადოებისთვის „ნაციონალური მოძრაობის“ მოქმედებების შეხსენებაა. აქციაში მონაწილეობს ტრისტან წითელაშვილი და  “ასავალ-დასავალის” ჟურნალისტი ზაზა დავითაიაც.

ტრისტან წითელაშვილი ჯაშუშობის ბრალდებით იყო დაკავებული. მას ბრალად 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის დრის რუსეთის ჯაშუშობა და მტრისათვის საიდუმლო ინფორმაციის გადაცემა ედებოდა. 2013 წელს “ქართულმა ოცნებამ” წითელაშვილი პოლიტპატიმრის სტატუსით გაათავისუფლა.

„არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთ, რომ პოლიტპატიმრად მოინათლოს მიხეილ სააკაშვილი, ის არის სერიოზული დამნაშავე, ყველაზე დიდი დამნაშავე იმ უბედურებაში, რაც ქვეყანაში დაატრიალა. დღემდე არ აცდიან ქვეყანას განვითარების საშუალებას, წინსვლას და მუდმივ ჭიდილში ვართ.“– განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ია მეტრეველმა.

„დედებს გვექცეოდნენ როგორც საქონლებს. მთელი საქართველო გადაქცეული იყო ზონად.“ – განუცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ტელეკომპანია „ფორმულას“.

აქციაში მონაწილეობს სულხან მოლაშვილის ძმამ, თორნიკე მოლაშვილი.

„რაც დღეს საქართველოში ხდება, მარტო ჩემი და ჩემი მეგობრების ტკივილი არ არის, თითოეული ჩვენგანის ტკივილია. რაც შეეხება აქციას, რამოდენიმე პოლიტპატიმარმა გადავწყვიტეთ, ჩაგვეტარებინა ეს აქცია. ყველას ვერ დავუკავშირდით. არის ხალხის კატეგორია, რომელთაც პოლიტპატიმრის სტატუსი აქვთ მინიჭებული, არის ხალხის კატეგორია, მართლა პოლიტპატიმრები ვინც იყვნენ. ჩვენს ზურგს უკან დაწესებულებაშიც ვინც იმყოფება, მიხეილ სააკაშვილი ვერასოდეს გახდება პოლიტპატიმარი. პიროვნება არის დამნაშავე, კრიმინალი, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, როგორც ტერორისტი, ისე შემოიპარა საქართველოში.” – განაცხადა მოლაშვილმა.

 


14 ოქტომბერს თბილისში, თავისუფლების მოედანზე მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერი აქცია გაიმართა.

1 ოქტომბერს სააკაშვილი საქართველოში დააკავეს. დაიწყო გამოძიება მის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებითაც. სააკაშვილი შიმშილობას აცხადებს და თავს პოლიტპატიმრად მიიჩნევს.

დანაშაულის დაფარვის ბრალდებით დაკავებულია იმ საცხოვრებელი ბინის მეპატრონეც, ვის სახლშიც ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დააკავეს. მას აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.