ბარ „ბაუჰაუსის“ ორ თანამშრომელს – გიორგი შალამბერიძესა და ბაია ბერუაშვილს ამ დრომდე ეძებენ. „პუბლიკას“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, რომ დილიდან სამძებრო სამუშაოები მდინარე მტკვარშიც მიმდინარეობს. უწყებაში აცხადებენ, რომ სპეცკატერის მეშვეობით მიმდინარეობს ფსკერის სკანირება და სამუშაოებში ჩართულია მაშველთა 8-კაციანი ჯგუფი.
„მეგობრებო, ჯერ სიახლე არ გვაქვს, ისევ ვეძებთ. აუცილებლად დავწერთ აქ, როგორც კი რამეს შევიტყობთ. ყველას დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის“, – წერს ბარის ადმინისტრაცია Facebook-გვერდზე.
ახალგაზრდების გაუჩინარების შესახებ პოლიციაში შეტყობინება 15 აგვისტოს, 21:00 საათზე შევიდა. „ბაუჰაუსის“ ინფორმაციით, ახალგაზრდები 15 აგვისტოს დილის 5 საათზე გავიდნენ ბარიდან და მას შემდეგ აღარ გამოჩენილან.
შსს-ს განცხადებით, „ბაუჰაუსის“ 2 თანამშრომლის გაუჩინარების საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.