„მე-3 ძალის დაკვეთა სად არის საზოგადოებაში, ვერ ვხედავ“ - კაკო ბობოხიძე

პუბლიკა

„მე-3 ძალის დაკვეთა სად არის საზოგადოებაში ვერ ვხედავ“, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა კაკო ბობოხიძემ, ტელეოკომპანია „ფორმულას“ ეთერში განაცხადა ჟურნალისტის შეკითხვაზე საპასუხოდ – ხომ არ უნდა აღვიქვათ მესამე ძალის მოთხოვნის პასუხად IRI-ის საზოგადოებრივი კვლევის შედეგი, რომ პოლიტიკოსებს შორის ყველაზე რეიტინგული გიორგი გახარიაა.

„რაც არ უნდა არასასურველი იყოს ჩემთვის, აი ეს მე-3 ძალის დაკვეთა სად არის საზოგადოებაში ვერ ვხედავ… ანალიტიკოსებიც და პარტიებიც ხანდახან ზედმეტად „ვიჭრებით“ ხოლმე თეორიებში და ანალიტიკაში. არ მინდა სხვა სიტყვა ვიხმარო. რაც შეეხება გახარიას ის, რომ მე-3 ძალის რაიმე შანსი აქვს – მითხარით ერთი წარმატებული საქმე, რომელიც დაკავშირებულია გახარიას ნამოღვაწართან.

პირიქით, მას ნამდვილად ეყო გონიერება და დროულად გადადგა – გადადგა ყველაზე სწორ მომენტში, ოღონდ მისი პიროვნული პერსონის გამო და არავითარ შემთხვევაში ქვეყნის წინაშე პასუხისმგებლობიდან გამომდინარე იმიტომ, რომ გახარია თუ პასუხისმგეველი პერსონა იქნებოდა, ესეც უნდა გააცნობიეროს საქართველოს მოსახლეობამ – რამდენად პოლიტიკური პასუხისმგებლობის მქონე პირია“, – აღნიშნა ბობოხიძემ.


საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევების მიხედვით, პოლიტიკოსებს შორის ყველაზე რეიტინგული გიორგი გახარიაა. გახარიას მოსდევს კახი კალაძე და დავით ბაქრაძე. დავით ბაქრაძის შემდეგ ყველაზე რეიტინგული პოლიტიკოსი ოპოზიციიდან ნიკა მელიაა.