მე-4 და მე-6 კლასელების მიღწევების ტესტირებით შეფასება - რას ითვალისწინებს NAEC-ის ახალი პროექტი

პუბლიკა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 20 წლის იუბილისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე საზოგადეობას ცენტრის ახალი პროექტის – „შეფასება განვითარებისათვის“ წარუდგინა.

როგორც ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, პროექტის მიზანია ელექტრონული პლატფორმის დახმარებით მეოთხე და მეექვსეკლასელების მიღწევების შეფასება სასწავლო წლის ბოლოს როგორც ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ასევე მათემატიკაში.

ტესტირება ელექტრონულ ფორმატში ჩატარდება. ტესტირება მოიცავს როგორც ღია, ასევე დახურული ტიპის დავალებებს. დახურული დავალებები გასწორდება კომპიუტერის მეშვეობით, ღია დავალებების შესწორებაში კი პედაგოგები ჩაერთვებიან.

ცენტრის დირექტორი სოფო გორგოძე განმარტავს, რომ პროექტის მიზანია მეოთხე და მეექვსე კლასებში ისეთი ტესტირების ჩატარება, რომელიც სწავლების პროცესის გაუმჯობესებაში დაეხმარებათ.

მისივე განმარტებით, ეს არ არის მოსწავლის მხოლოდ ქულებით შეფასება, აღნიშნული შეფასება დაეხმარებათ იმის გარკვევაში თუ რა უჭირს მოსწავლეს, რა სჭირდება და როგორ დაეხმარონ მას უკეთესი შედეგის მიღწევაში.

მისივე განმარტებით, პროექტი საპილოტე რეჟიმში უკვე რამდენიმე წელია მიმდინარეობს. მისივე თქმით, სანამ ეროვნულ დონეზე დაინერგება პროექტი, გარკვეული სამუშაოებია ჩასატარებელი.