მე-4 შედეგი ვაჟებს, პირველი - ქალებს შორის | ნინო ბაციაშვილის წარმატებული გამოსვლა ბარსელონაში

პუბლიკა

საქართველოს მოჭადრაკეთა ნაკრების წევრმა, ნინო ბაციაშვილმა ესპანეთის ქალაქ ბარსელონაში დასრულებულ უძლიერეს, საერთაშორისო ტურნირზე დიდი წარმატებით იასპარეზა.

შეჯიბრი 10 მონაწილეს შორის წრიული სისტემით 9 ტურად გაიმართა. ტურნირში მონაწილეობდნენ 6 ქვეყნის წარმომადგენელი 3 ქალი და 7 ვაჟი.

ნინომ, ვაჟ-დიდოსტატებთან შეჯიბრში 9-დან 5,5 ქულა დააგროვა და მეოთხე შედეგი აჩვენა, ხოლო ქალთა შორის საუკეთესო იყო.

შეგახსენებთ, რომ ნინო ბაციაშვილმა რამდენიმე თვის წინ დატოვა საჭადრაკო კლუბი „ნონა”, მიზეზი მომზადების დაფინანსების სიმწირე იყო.  ეს თანხა წელიწადში დაახლოებით 2000 დოლარს შეადგენდა, ქართველ დიდოსტატს კი მისი  გაზრდა სურდა, თუმცა უარი მიიღო.

ბაციაშვილი  არის საერთაშორისო დიდოსტატი, საქართველოს სამგზის ჩემპიონი, სწრაფ ჭადრაკში ევროპის ვიცე-ჩემპიონი, კლასიკურ ჭადრაკში ევროპის ჩემპიონი და სხვა მრავალი პრესტიჟული ტურნირის გამარჯვებული.