მე ამაში ცუდს ვერაფერს ვერ ვხედავ. პირიქით, ეს შეიძლება კარგიც იყოს - კალაძე რუსეთთან ფრენაზე

პუბლიკა

მე ამაში ცუდს ვერაფერს ვერ ვხედავ. პირიქით, ეს შეიძლება კარგიც იყოს, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ რუსეთთან პირდაპირი ფრენების შესაძლო აღდგენაზე განაცხადა.

„თქვენ იცით, რომ ფრენები შეზღუდული იყო ცალმხრივად, საქართველო სანქცირებული იყო. თუ ეს გადაწყვეტილება იქნება მათი მხრიდან მიღებული, მე ამაში ცუდს ვერაფერს ვერ ვხედავ. პირიქით, ეს შეიძლება კარგიც იყოს ჩვენი ქვეყნისთვის, კარგი იყოს იმ თვალსაზრივითაც, რომ მილიონამდე ჩვენი თანამოქალაქე ცხოვრობს რუსეთში და პირდაპირი ფრენები დაეხმარება ადამიანებს, თუნდაც, მიმოსვლაში”, – განაცხადა კალაძემ.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა იმედი გამოთქვა, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი საჰაერო ავიამიმოსვლა მალე აღდგება.

„მოხარული ვარ, რომ ჩვენს ხალხებს შორის კონტაქტი აქტიურად ვითარდება. გასულ წელს, როგორც მითხრეს, საქართველოში მთლიანი შიდა პროდუქტი 10%-ით გაიზარდა, ტურიზმისა და რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობების დამსახურებით. იმედი მაქვს, ჩვენ მალე შევძლებთ განვაახლოთ პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა”, – თქვა ლავროვმა.