მე აქ დავრჩები, მაგრამ ვერც ერთ თქვენგანს ვერ დავავალდებულებ, რომ დარჩეს - მელია

პუბლიკა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეებს მიმართა, რომ ყველას ვერ დაავალდებულებს 22:00 საათის შემდეგაც დარჩეს აქციაზე. დღეიდან, 22:00 საათიდან დილის 5 საათის ჩათვლით საქართველოს დიდ ქალაქებში გადაადგილება იზღუდება;

„გვინდა, რომ ენერგია შემოგანახინოთ თქვენ, გვინდა, რომ იყოთ შემართებით, ჯანმრთელები და მხნეები, მათ შორის შაბათისთვის, ამიტომ ვერც ერთ თქვენგანს მე ვერ დავავალდებულებ, რომ დარჩეს, სწორად გამიგეთ. მე, ბუნებრივია, აქ დავრჩები მეგობრებთან ერთად, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ თქვენ უნდა დარჩეთ. ამით ჩვენ შეგვიმსუბუქებთ ცხოვრებას იმიტომ, რომ ჩვენ აქ საკმარისად დავრჩებით, ახალგაზრდები რჩებიან და ჩვენ მათ ვერ მივატოვებთ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ბებიები, ბაბუები, ბიძები და უფროსი თაობის წარმომადგენლები განსაკუთრებით და ახალგაზრდების ნაწილი – ყველანი უნდა დავრჩეთ. სწორად გამიგეთ, შეიძლება, უხერხული ასახსნელია, მაგრამ მოცემულობა ისეთი შექმნა ამ რეჟიმმა, რომ ჭკუით უნდა ვიბრძოლოთ, გინივრულები და პრაგმატულები უნდა ვიყოთ, ამიტომ არ მინდა“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

ნიკა მელიას თქმით, ეს გადაწყვეტილება ინდივიდუალური პასუხსიმგებლობის საკითხიც არის. მან ასევე შაბათს, 15:00 საათზე მასშტაბური საპროტესტო აქცია დააანონსა.


სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილია“ დღეს 22:00 საათზე, მას შემდეგ, რაც ძალაში შევა მთავრობის მიერ გადაადგილების შეზღუდვის აკრძალვა, დაუმორჩილებლობის აქციას გეგმავს.

„სირცხვილიას“ განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ 22:00-დან 05:00 საათამდე გადაადგილება ხალხზე ზრუნვის მოტივით აკრძალა, თუმცა ამავე ხელისუფლებამ გუშინ არაპროპორციულად, სიცივეში ცივი წყლის ჭავლის მიშვერით დაშალა მშვიდობიანი საპროტესტო აქცია.  სამოქალაქო მოძრაობა წერს, რომ შეზღუდვების დაწესების მიუხედავად, ხელისუფლებისა და ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ პროტესტი გაგრძელდება.

გუშინ, 8 ნოემბერს პარლამენტიდან აქციის მონაწილეებმა ცესკოთან გადაინაცვლეს. ცესკოთან შეკრებილი დემონსტრანტების წინააღმდეგ პოლიციამ რამდენჯერმე გამოიყენა წყლის ჭავლი, შედეგად 30-მდე ადამიანი დაშავდა. შსს-ის შეფასებით, ჭავლის გამოყენება სამართალდამცველებმა მყისიერი საფრთხის გამო გადაწყვიტეს. არასამთავრობო სექტორის შეფასებით კი, საფრთხე არ იყო მყისიერი და პოლიციამ არალეგიტიმური ძალა გამოიყენა აქციის მშვიდობიანი მონაწილეების წინააღმდეგ.

შსს-ის ცნობით, აქციის მიმდინარეობისას ჯანმრთელობის სხვადასხვა ხარისხის დაზიანებები მიიღო 14-მდე სამართალდამცველმა, მედიის 3-მა წარმომადგენელმა და აქციის 10-მდე მონაწილემ. ადმინისტრაციული წესით, სულ 19 პირია დაკავებული.