საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, „ოცნების“ პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის საინაუგურაციო ფიცის დადების პარალელურად, საზოგადოებას ორბელიანის სასახლის ეზოდან მიმართა.
„მინდა, ყველას ძალიან დიდი მადლობა გითხრათ აქ მოსვლისთვის. იქითკენ არის სიცარიელე, აქ არის საზოგადოება. იქითკენ არიან ჩაკეტილები და ჩვენ ვართ გარეთ, რადგან არაფრის გვეშინია. არაფრის არ გვეშინია, არც გისოსების, აგერაა გისოსები და არ გვეშინია.
მე მინდა, თქვენ ჩაგაბაროთ ანგარიში. 6 წლის წინ მე დავდე ფიცი კონსტიტუციაზე, მაგრამ კიდევ უფრო, ქვეყნის მიმართ ერთგულებაზე და თქვენ მიმართ ერთგულებაზე და ამიტომ ვარ დღეს აქა და ეს ერთგულება არაფრით არ შეიცვლება, მე ვიქნები სასახლეში თუ სასახლის გარეთ.
მე აქედან გამოვალ, თქვენთან გამოვალ და თქვენთან ერთად ვიქნები. ეს შენობა არავისი არაა. ეს შენობა იყო სიმბოლო, სანამ აქ იჯდა პრეზიდენტი, რომელიც იყო ლეგიტიმური. მე ჩემთან ერთად მიმაქვს ლეგიტიმურობა. ჩემთან ერთად მიმაქვს დროშა, მიმაქვს ის, რაცაა თქვენი ნდობა და ეს სასახლე უნდა დავუბრუნოთ ორბელიანებს, მათ წაართვეს და მათი იქნება მუდამ და მე მინდა, ერთად დავფიქრდეთ იმაზე, თუ რას ნიშნავს ლეგიტიმურობა.
ლეგიტიმურობა მოდის მხოლოდ ერთი წყაროდან და ეს წყარო ხართ თქვენ. იქ, სადაც ხალხის ნდობა არაა, იქ ლეგიტიმურობაც ვერ იქნება. მე ამიტომ გამოვალ თქვენთან და თქვენთან ვიქნები.
რატომ დღეს? დღემდე, ამ წუთამდე დრო იყო მიცემული, ეს არ იყო ულტიმატუმი, მაგრამ დრო იყო მიცემული იმისთვის, რომ მოსულიყვნენ აქა, ან „ოცნების“ წარმომადგენლები, ან ბიძინა ივანიშვილი იმისთვის, რომ მოგვეძებნა ამ ღრმა კრიზისიდან პოლიტიკური გამოსავალი ანუ შეთანხმება ახალ, თავისუფალ, ნამდვილ არჩევნებზე. ეს იყო ჩემი მოწოდება, ეს იყო ჩემი შეთავაზება, რადგან ყოველთვის არსებობს გამოსავალი, როცა ქვეყანაზე ფიქრობ და როცა ქვეყანა გინდა.
აქ არავინ მოსულა, თქვენც ხედავთ, არავინ მოსულა და პასუხი ამ შეთავაზებაზე რა იყო – პასუხი იყო მუქარა ჩემ მიმართ, რაც უშედეგოა. პასუხი იყო ცინიზმი თქვენ მიმართ, რასაც შედეგი არასდროს არ ექნება. პასუხი იყო რეპრესიები, ძალადობა, ომი საკუთარი ხალხის წინააღემდეგ, საკუთარი ხალხის ნების წინაარმდეგ და პასუხია დღეს ის პაროდია, რომელიც ახლა, ამ წუთებში პარლამენტში ხდება. ესაა ნამდვილი პაროდია და ამ სახელმწიფოს არ ეკადრება ასეთი პაროდიები. იქაა პაროდია და ამიტომაა განსხვავებული ორი სურათი – იქ არიან ჩაკეტილები, შეშინებულები, გაყიდულები, არალეგიტიმურები, არაღიარებულები, სანქცირებულები და დაბოღმილები.
ჩვენ ვართ ღია, თავისუფალნი, ლაღი, მშვიდნი, ძალიან მშვიდნი და ჩვენთანაა სიმართლე, ჩვენთანაა სიყვარული, ჩვენთანაა ქვეყნის სიყვარული და ერთმანეთის სიყვარული და ამიტომაა, რომ ჩვენ გავიმარჯვებთ!
რა დგას ჩვენ წინაშე – ქვეყანა შესულია, შეიყვანეს ტოტალურ კრიზისში. დაიწყო ეს არჩევნების ტოტალური გაყალბებით, რამაც გამოიწვია ეს შედეგები, რომ არალეგიტიმურმა პარლამენტმა, კონსტიტუციის დარღვევით შეკრებილმა პარლამენტმა და მის მიერ არჩეულმა პრემიერმა, დე ფაქტო პრემიერმა მიიღო ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც ქართულ ისტორიაში მე მგონი, არავის მიუღია, რომ მანდატის გარეშე, ხალხის გარეშე, ხალხის ნების საწინააღმდეგოდ, ქვეყნის ინტერესების საწინაარმდეგოდ გადაწყვიტა, რომ ეს ქვეყანა დაებრუნებინა იმ ქვეყნის ორბიტაზე, რომელსაც გავექეცით, განვთავისუფლდით და რომლის წინააღმდეგ ბრძოლა იყო ქართველი ხალხის ბრძოლა. ამის უფლება არ აქვს და არ ქონდა არასდროს არავის და მით უმეტეს, არალეგიტიმურ მთავრობას. ამის უფლება არ მიეცით თქვენ და 31-ე დღეა, დგახართ ამის საჩვენებლად, რომ ამას არ შეეგუებით, არ შევეგუებით, არ მივცემთ ამის უფლებას.
ამას მოყვა და კრიზისი ამითია ტოტალური, რღვევა და დაშლა თვით ამ მმართველ პარტიაში, რასაც ვხედავთ და ვგრძნობთ, რომ შიგნით შეიქმნა უნდობლობა მთავრობაში, ძალოვნებში და ეს მოვისმინეთ გუშინ, თუ რა ხდება შიგნით, რომ ჩვენი პოლიცია, რომელმაც ალბათ ბევრი რამე გაიარა და მოითმინა, მაგრამ დღეს რამდენად ითმენს და მოითმენს, რომ კრიმინალური ვერტიკალი მართავდეს მას, ალბათ, დიდხანს არა.
ეს რღვევა ყველაფერს ეხება, მთლიანად საზოგადოებას და ის, რაც გამოჩნდა ასევე არის, რომ ბიზნესი გრძნობს, რომ ქვეყანა ისეთი მიმართულებით მიდის, რომ თუნდაც ის ნაწილი ბიზნესი, რომელიც ლოიალური იყო ხელისუფლების, დღეს გრძნობს, რომ მისი მომავალი ვერ იქნება ამ მმართველი პარტიის გვერდით. იქ არავინ არ დარჩა, რამდენი არიან იქ, 100-მდე, 150? არ დავითვალოთ, ჩვენ არ გვჭირდება დათვლა, ჩვენ არ ვითვლით, იმიტომ რომ ვართ ბევრი. კრიზისი არის ტოტალური, მმართველმა პარტიამ, რომელიც გველაპარაკებოდა მშვიდობაზე და ომი დაუწყო ხალხს, არა მხოლოდ ომი დაუწყო, ყველა წერტილი ერთობის, გაერთიანების, ყველაფერი ჩამოშალა – სპორტი, კულტურა, ეკლესია… ყველაფერი დაყო და გაყო და ესაა ის, რასაც საუკუნეების მანძილზე აკეთებდა მტერი, აკეთებდა რუსეთი. ამიტომაა „ქართული ოცნება“ რუსული ტრაგედია.
ტოტალური კრიზისი იმითიც არის, რომ სრულ იზოლაციაში გადაიყვანეს ქვეყანა. ჰგონიათ, რომ ჩაკეტილი ქვეყანა უფრო მარტივი იქნება, რომ დაამონონ და გადაიყვანონ რუსეთის ყაიდაზე, რუსულ დიქტატურაზე, მაგრამ ეს არ მოხდება.
რა უნდა გავაკეთოთ? პირველ რიგში, ყველამ თავისი საქმე. არავინ არავის არაფერს არ უბრძანებს და ასე მოვდივართ აქამდე, არავინ არაა არავის მმართველი ამ პერიოდში, ჩვენ ერთად, ეს სოლიდარობა, რომელიც გამოიხატა თბილისის და სხვა ქალაქების ქუჩებში და ცვენს დიასპორაში, ესაა იმის ნიშანი, რომ ყველას აქვს თავისი ადგილი და ყველამ ერთად იცის, როდის და როგორ უნდა იმოქმედოს.
ცხადია, რჩება ორი მთავარი მოთხოვნა – ერთი არის ყველასი განთავისუფლება და ეს მოხდება, მოხდება იმიტომ, რომ დათმობენ; მოხდება, იმიტომ რომ ჩვენ გამოვიყვანთ, მაგრამ მოხდება ძალიან მალე.
და არჩევნები, თავისუფალ გარემოში ჩატარებული არჩევნები და სადაც უნდა იყოს დაცული ის ორი პრინციპი, რომელიც დაირღვა – ფარულობა – არა ის მანქანები და მექანიზმები და ყველაფერი არის გამოსასწორებელი და ამაზე უნდა დავსხდეთ და სერიოზულად უნდა შევისწავლოთ, როგორი უნდა იყოს დეტალური მოთხოვნები, რომ მერე არავინ მოატყუოს ქართველი ხალხი; არაინტიმიდაცია და უნივერსალობა იმ მხრივ, რომ დიასპორამ მიიღოს უფლება, მონაწილეობა მიიღოს ქვეყნის მომავალში. ისინი, როგორც ჩვენ, არიან ამ ქვეყნის მომავალი.
ამ კონკრეტული არჩევნებისთვის პირობების შექმნაზე და დეტალურად ამის დადებაზე, ვიმუშავებ მე ყველასთან ერთად, ვინც ამ საქმეში იყო და არის ჩართული იმისთვის, რომ ძალიან მალე, რამდენიმე დღეში დავდოთ დოკუმენტი და იყოს ეს ჩვენი არჩევნების მოთხოვნასთან ერთად. ეს არაა ლოზუნგი, რომ ახალი არჩევნები უნდა დაინიშნოს, არც რიტორიკული განცხადება, ესაა რეალური მოთხოვნა, ამიტომ უნდა იყოს რეალურად დაფუძნებული თავის პირობებზე.
ეს არჩევნები ჩატარდება, სხვა გზა არაა, ესაა კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალი. ჩვენ მზად უნდა ვიყოთ, პარტიები უნდა იყვნენ მზად, ახალი ძალები, რომლებიც პროტესტის დროს გამოიკვეთა, უნდა იყვნენ მზად. ვინც აპირებს, რომ ამ ქვეყნის ხვალინდელ პოლიტიკაში იყვნენ, თქვენი ჯერია და მოემზადეთ, იმიტომ რომ ეს ძალიან მალე მოვა და ამაში მეც დაგეხმარებით.
უნდა დავიცვათ თავისუფალი მედია. თავისუფალი მედიის გარეშე არც თავისუფალი არჩევნები არ იქნება, არც თავისუფალი საზოგადოება. თავისუფალი ინფორმაცია დემოკრატიული ქვეყნის აუცილებელი ნაწილია და ჩემი და თქვენი ყველასი ვალია, დავიცვათ თავისუფალი მედია. მინდა, კიდევ ერთხელ გითხრათ ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რასაც აკეთებთ, რაც გაგიკეთებიათ და რასაც გააკეთებთ კიდევ და ყველა ერთად მოვნახავთ საშუალებას, რომ თქვენ დარჩეთ, იყოთ თავისუფალი, არ იყოთ არავიზე დამოკიდებული და ემსახუროთ საზოგადოებას ქვეყანას.
ასევე მზადყოფნაში საჭიროა, ვებრძოლოთ რეპრესიულ სისტემას. ეს ნიშნავს იმ ფონდების გაძლიერებას, რომელიც ემსახურებიან დაჭერილ ადამიანებს ან მათ, ვინც იხდიან ჯარიმებს. ვიცი, რომ არსებობს რამდენიმე ასეთი ფონდი, უნდა შევეხიდოთ, უნდა ვიყოთ სოლიდარული იმათთან, ვინც გისოსებს მიღმა არიან და მალე გამოვლენ. ვინც დღეს განთავისუფლებულია საჯარო სამსახურებიდან, ესაა საზოგადოების საჭირო ნაწილი, სახელმწიფო მათზეა დამოკიდებული. ხვალინდელი სახელმწიფო მათზე იქნება აშენებული და დღეს ვინც მათ ათავისუფლებს, არ იცის, რა საგანძურს ტოვებს გარეთ. ისინი არიან თავისუფალი ადამიანები, რომ გააპროტესტეს, რომ არ ეშინოდათ და ჰგონიათ, რომ არ სჭირდებათ ასეთი ადამიანები და ამ ადამიანების ეშინიათ. ეშინოდეთ, მაგრამ ეს ადამიანები არიან და იქნებიან თავისუფალნი და ხვალ შექმნიან ჩვენი სახელმწიფოს ძალიან ღირსეულ საჯარო სამსახურს.
ამ ყველაფერს სჭირდება იურიდიული დახმარება. იურისტები, ადვოკატები არიან საზოგადოების სოლიდარული და მათაც უნდა დავეხმაროთ პასუხისმგებლობის ბოლომდე შესრულებაში.
ჩემი მოვალეობა რა არის, გარდა იმისა, რომ ახლა გამოვალ და თქვენთან ერთად ვიქნები ბოლომდე, სანამ არ დავინშანვთ არჩევნებს და სანამ არ გვექნება ჩვენი თავისუფალი ღირსეული ხელისუფლება. ამისთვის მე არა მხოლოდ გამოვალ და ყველას მადლობას გეტყვით, მე დავიწყებ მასშტაბურ შეხვედრებს საზოგადოების სხვადასხვა სეგმენტთან, ბიზნესთან, რომელთანაც აუცილებელია მქონდეს ურთიერთობა და ერთად გავიგოთ, როგორ გადავატანინოთ ქვეყანას უმძიმესი ეკონომიკური კრიზისი, რომელიც შეიქმნა მმართველი გუნდის გამო, მათი უგუნური ნაბიჯების გამო, მათი დასანქცირების გამო. ქვეყანა უნდა გადავარჩინოთ ერთად.
შევხვდები საჯარო მოხელეებს, რომ მათთან ერთად გავიაზროთ მათი მდგომარეობა […] ერთად უნდა დავდგეთ, ერთად მოვიფიქროთ, როგორ გავატაროთ ეს დღეები, კვირები თუ შეიძლება რამდენიმე თვე და გავატარებინოთ მათ ისე, რომ მათი ოჯახებიც იყვნენ დაცული.
შევხვდები ახალ პოლიტიკურ ძალებს, ახალგაზრდებს, ვინც ქუჩაში არიან და გვაძლევენ მომავლის იმედს და რომელთაც შექმნეს ახალი, თავისუფალი საზოგადოება. თქვენთანაც მექნება შეხვედრა, მაგრამ არა მხოლოდ ქუჩაში, უნდა მოვიფიქროთ, როგორ უნდა გაძლიერდეთ, იმიტომ რომ ნამდვილად ხართ ის თაობა, რომელიც დაიბადა თავისუფალ საქართველოში და ხვალ იქნება თავისუფალი საქართველოს სათავეში.
გავალ რეგიონებში. უნდა შევხვდე ადგილზე, სხვადასხვა ქალაქში, ადამიანებს, რომლებიც იქიდან აპროტესტებენ და იცავენ ქვეყანას. სადაც შევძლებ, გავალ და იქიდან ვიქნები თქვენთან ერთად. ახლა ტელევიზიებიდან გელაპარაკებით, მაგრამ ვიქნები თქვენთან ერთად.
გავალ უცხოეთში და დავბრუნდები უცხოეთიდან და უკვე მაქვს არაერთი შეთავაზება ოფიციალური ვიზიტების, რომელსაც გავაგრძელებ თქვენი სახელით, იმისთვის, რომ გარეთ, ჩვენს პარტნიორ ქვეყნებში იცოდნენ, რა გიჭირთ დღეს და რა იქნება ხვალინდელი გამარჯვება. ამ ყველაფრისთვის მე ვარ მზად, რომ ბოლომდე გამოგყვეთ. ეს ბოლო, დარწმუნებული ვარ, ახლოსაა, მაგრამ უნდა გავუძლოთ, გავაგრძელოთ. არ არსებობს აქ არც ახალი წელი, არც ახალი წლის მერე რაღაც დღეები, ენერგია გვაქვს ძალიან დიდი, ესაა სიყვარულის, მშვიდობის და მომავლის ენერგია.
31-ში რუსთაველზე ერთად შევხვდებით ახალ წელს, იმიტომ რომ ეს ახალი წელი იქნება ნამდვილად ახალი, ბედნიერი, მშვიდობიანი და გამარჯვებული!“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ამის შემდეგ ის ორბელიანის სასახლიდან შეკრებილ მოქალაქეებთან მისასალმებლად გავიდა, შემდეგ კი ორბელიანის მოედანი მანქანით დატოვა.