მას შემდეგ, რაც Fox News-მა წინასწარ შედეგებზე დაყრდნობით დონალდ ტრამპი გამარჯვებულად გამოაცხადა, ტრამპმა თავის მხარდამჭერებს მიმართა და განაცხადა, რომ ეს დღე მეხსიერებაში სამუდამოდ დარჩება დღედ, როცა ამერიკელებმა „საკუთარ ქვეყანაზე კონტროლი დაიბრუნეს“.
„მე ვიბრძოლებ თქვენთვის, თქვენი ოჯახებისა და თქვენი მომავლისთვის ყოველდღე. არ გავჩერდები, სანამ არ იქნება ძლიერი, უსაფრთხო და წარმატებული ამერიკა, რომელსაც ჩვენი შვილები იმსახურებენ და რომელსაც თქვენ იმსახურებთ. ეს იქნება ამერიკის ოქროს ხანა.
ყველაფერი უნდა დავიწყოთ ამერიკის პირველ ადგილზე დაყენებით – ჩვენ ჩვენი ქვეყანა უნდა დავაყენოთ პირველ ადგილზე, თუნდაც გარკვეული დროით, უნდა მოვაწესრიგოთ ის. იმიტომ, რომ ერთად ჩვენ ამერიკა ისევ უნდა ვაქციოთ დიდებულად ყველა ამერიკელისთვის. მე იმედს არ გაგიცრუებთ. ამერიკის მომავალი იქნება უფრო დიდი, უკეთესი, გაბედული, მდიდარი, უსაფრთხო და ძლიერი, ვიდრე ეს ოდესმე ყოფილა“, – განაცხადა მან.
–„მე არ დავიწყებ ომს, მე ომებს შევაჩერებ“. – განუცხადა ტრამპმა ამომრჩეველს.
აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპი ლიდერობს – ბოლო მონაცემებით მან მოიგო სამი მერყევი შტატი, ჩრდილო კაროლინა, ჯორჯია და პენსილვანია. სწორედ ამ შტატებში წყდება არჩევნები და მათ უწოდებენ გადამწყვეტ ან მერყევ შტატებს. ესენია: არიზონა, ჯორჯია, მიჩიგანი, ნევადა, ჩრდილო კაროლინა, პენსილვანია და ვისკონსინი.
საბოლოო შედეგი წყდება არა სახალხო კენჭისყრაზე, არამედ ამომრჩეველთა კოლეგიის მიერ დეკემბრის შუა რიცხვებში – კანდიდატის მიერ შტატში ხმების უმრავლესობას მოიპოვებით, ის იღებს ამომრჩეველთა კოლეგიის ხმებს, რომელიც ჯამში 538-ს შეადგენს, ხოლო კანდიდატს გამარჯვებისთვის, მინიმუმ, 270 ხმის მოპოვება სჭირდება. აშშ-ის ამომრჩეველთა კოლეგიის სისტემის ფარგლებში თითოეულ შტატს ხმების რაოდენობა მოსახლეობის ზომის შესაბამისად ენიჭება.
იმ შემთხვევაში, თუ კოლეგიის ხმები იქნება თანაბარი, არჩევანს აკეთებს წარმომადგენელთა პალატა და წევრები ხმას აძლევენ არა დამოუკიდებლად, არამედ, როგორც ერთი შტატის დელეგატები. რაც შეეხება ვიცე-პრეზიდენტს, მას ახლად არჩეული სენატი ირჩევს. მას შემდეგ, რაც დეკემბერში ამომრჩეველთა კოლეგია გააკეთებს არჩევანს, გადაწყვეტილება ეგზავნება კონგრესს, რომელიც ხმებს ითვლის და 6 იანვარს ოფიციალურ შედეგს აფორმებს