საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ ეთერში გადაცემა „ღამის კურიერში“ დავით გარეჯთან დაკავშირებულ შეკითხვებს პასუხობს. ის ამბობს, რომ მის სიტყვებს დავით გარეჯში საზღვრის დადგენის საკითხის სასწრაფოდ გადაწყვეტის შესახებ, არანაირი დაძაბულობა არ გამოუწვევია.
„არაფერი არ გამოიწვია. მე ვიყავი ჩემს ფუნქცაში, როგორც პრეზიდენტი. მე არ გამომიწვევია არაფერი. როგორ ფიქრობთ ქვეყნის პრეზიდენტი, თან საქართველოსი, რომელიც ისედაც არის საზღვრების კუთხით მძიმე მდგომარეობაში, ასე ვიტყოდი, და არის ქვეყნის სუვერენობაზე პასუხისმგებელი კონსტიტუციით, არ უნდა ზრუნავდეს საზღვარზე?
ჩემი ჩასვლით არაფერი დაიძაბა. ახლა რომ არიან პროვოკატორები ერთ მხარეს და მეორე მხარეს და ორივე მხრიდან იყო პროვოკაციები, ეს სხვა რამეა. ჩემს პირველ ვიზიტზე აზერბაიჯანის პრეზიდენტთან ეს საკითხი იყო დასმული. ძალიან თბილი და კარგი გამოხმაურება იყო. მათი პასუხი იყო, რომ, კი ბატონო, ჩვენ ვართ მეგობრული ქვეყნები, რომელთა შორის უნდა არსებობდეს დადგენილი საზღვარი, რომ ეს არ უნდა დადგეს ბრძოლით, პროვოკაციით, ომით და ა.შ. ეს არის მოლაპარაკებების საკითხი, მაგრამ ამდენი ხანია, ორივე ქვეყანა დამოუკიდებელია, ამდენი ხანია, ვართ ძალიან მეგობრული ქვეყნები. არანაირი დაძაბვა აქ არ იყო.
ამიტომ, ვინც ამას მაბრალებს, ვიცი, რატომ მაბრალებს და ვიცი, საიდან მოდის. ვის აწყობდა, ეს დაებრალებინა ჩემთვის, ამ კითხვებს მე კი არ უნდა მისვამდეთ, ჟურნალისტი ხართ და თქვენ გამოარკვიეთ. მე არ მაქვს მოსაზრებები, მე მაქვს მოვალეობები“, – ამბობს სალომე ზურაბიშვილი.