„მე არ მეშინია კრიტიკის, მე არ მეშინია ლანძღვის, მე არ ვარ თავშეკავებული. მეძახონ უკულტურო, მეძახონ გაუნათლებელი, მე არ მაქვს არავითარი პრობლემა”, – ამის შესახებ კულტურისა და სპორტის მინისტრმა, თეა წულუკიანმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.
წულუკიანის თქმით, მინისტრად დანიშვნის შემდეგ კულტურის სამინისტროში ბევრი რამ შეიცვალა, მათ შორის მიდგომები და მას სწორედ ამის გამო აკრიტიკებენ.
მისივე თქმით, ის „ვერ იტანს ჩაწყობებს, თხოვნებს” და ამის გამო დღეს ძალიან ბევრი „სისხლი და ხორცი“ ჰყავს განაწყენებული.
„თქვენ ალბათ ხედავთ რომ ამათ [ოპოზიციას] თავიანთი ტელევიზიები აქვთ დაპყრობილი წივილით, კივილით და ვერ ინელებენ, ვერ ეგუებიან იმას, რომ კულტურის სამინისტროში შეიცვალა მიდგომები. მაგალითად შეიცვალა ის, რომ მე რითაც ვარ ცნობილი, იმას ვაგრძელებ. მე ვერ ვიტან თხოვნებს, ვერ ვიტან ჩაწყობას. როდესაც ვხედავ, რომ ადამიანს რაღაც არ ეკუთვნის, ეს მაღიზიანებს სულ რო ეს ადამიანი იყოს ჩემი სისხლი და ხორცი. და მე დღეს ძალიან ბევრი ჩემი სისხლი და ხორცი მყავს განაწყენებული და მგონია, რომ ეს ძალიან კარგია. აი ასე მოუხდება ყველას.
რატომ? იმიტომ, რომ ეს სამინისტრო არ არის ჩემი, ეს სამინისტრო არის სახელმწიფოსი და ეს სახელმწიფო ძლივს შეიქმნა. ეს სახელმწიფო რომ ძლივს შეიქმნა და ამ სახელმწიფოს შექმნაში რომ ქართველი გოგოების სისხლი დევს, რომელიც ამ შენობის [პარლამენტის] წინ დაიღვარა, ჩვენ გვაქვს ელემენტარული პასუხისმგებლობა, ცოტა უფრო დიდ გოგოებს, რომ მოვიქცეთ წესიერად და მე ვცდილობ, რომ მოვიქცე წესიერად და ამ წესიერად ქცევის მცდელობაში ვერავინ ხელს ვერ შემიშლის.
ესენი არიან უკმაყოფილო იმით, რომ აღარ არიან გაპარპაშებული და რომ არავის აღარ ეშინია მათი. მე არ მეშინია კრიტიკის, მე არ მეშინია ლანძღვის, მე არ ვარ თავშეკავებული. მეძახონ უკულტურო, მეძახონ გაუნათლებელი, მე არ მაქვს არავითარი პრობლემა. მე მესმის, რომ ნორმალური ადამიანები ამაზე ნერვიულობენ. მე ამაზე არ ვნერვიულობ, ამას ვამბობ ღიად. ამიტომ, ვინაიდან მე არ ვნერვიულობ იმაზე რომ მლანძღავენ და ამ მხრივ არ ვარ ნორმალური, გთხოვთ, ნუ შეწუხდებით ჩემი ლანძღვისთვის. ვერაფერ შედეგს ეს ვერ მოიტანს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.