მე არ შევხვედრივარ ბატონ ივანიშვილს საკმაოდ დიდი ხანია - დეგნანი

პუბლიკა

აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა „ქართული ოცნებიდან“ გასული დეპუტატის, მიხეილ ყაველაშვილის განცხადების საპასუხოდ განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილს დიდი ხანია, არ შეხვედრია.

ელჩის თქმით, წარსულში, როცა ივანიშვილს ხვდებოდა, „ოცნების“ დამფუძნებელი არც ერთხელ არ დაუშანტაჟებია.

„როცა ამის შესახებ მკითხეს სამშაბათს, არ მქონდა წაკითხული კომენტარები. არ მიყვარს კომენტარის გაკეთება, როდესაც არ მესმის ფაქტები ზოგისგან განსხვავებით, ვისაც ინსინუაციებზე, სპეკულაციებსა და ჭორებზე დაყრდნობით კომენტარების კეთება მოსწონს, მაგრამ ახლა შემიძლია, ვთქვა, რომ მე არ შევხვედრივარ ბატონ ივანიშვილს საკმაოდ დიდი ხანია.

საქართველოში ჩემი ყოფნის ბოლო ორწლინახევრის განმავლობაში ყველა შეხვედრისას მე მას ყოველთვის ვარწმუნებდი საქართველოს მოქალაქეებისადმი აშშ-ის სრულ მხარდაჭერასა და სურვილში საქართველოს მთავრობასთან მუშაობის შესახებ, საქართველოს ევროატლანტიკური მომავლისთვის, საქართველოს დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარებისთვის.

არც ერთი ამ შეხვედრის დროს არ მიცდია ბატონი ივანიშვილის დაშანტაჟება, რაც მარტივია, მე დიპლომატი ვარ და შესაბამისად, ამას შეუარცხყოფად არ მივიღებ, თუმცა მარტივად რომ ვთქვათ, ეს არ არის სიმართლე. მიკვირს ცოტა, რატომ აკეთებს ეს დეპუტატი ამ უსაფუძლო განცხადებას, ვინაიდან მე მას არ ვიცნობ და დარწმუნებული ვარ ის ჩემსა და ივანიშვილს შორის შემდგარ რომელიმე შეხვედრაში არ მონაწილეობდა. ასე რომ, მე ცოტა გაკვრივებული ვარ ამ განცხადებთან დაკავშირებით მისი მოტივაციით“, – განაცხადა ელჩმა დეგნანმა.

„ქართული ოცნებიდან“ გასულმა დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა 19 ივლისს ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ დროა, გაეცეს პასუხი შეკითხვას, ხომ არ შეხვდა კელი დეგნანი ბიძინა ივანიშვილს და ხომ არ აშანტაჟებდა მას. მოგვიანებით, მმართველი გუნდის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემაც განაცხადა, რომ როცა ასეთი შეკითხვები ჩნდება, ელჩმა მას პასუხი უნდა გასცეს.